მრავალათასიანი აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის სრულად დაკავების უფლება არ მისცეს

მოლაპარაკებები აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის, რომელიც აქციაზე ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვას შეეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა უთხრა აქციის მონაწილეებს, რომელიც მანამდე პარლამენტის შენობასთან ესაუბრო საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს.

როგორც მან აქციის მონაწილეებს უთხრა, პოლიციას სთხოვეს რუსთაველის გამზირის სრულად დაკავების უფლება აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობის გამო, რაზედაც უარი მიიღეს. მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს უფლება მისცა დაეკავებინათ საავტომობილო გზის ნაწილი რუსთაველის გამზირზე.

წიქარიშვილმა განაცხადა, რომ მეორე მოთხოვნა სპეცრაზმს შეეხებოდა, რომელიც ქაშვეთის ეკლესიასთან არის მობილიზებული. მისი თქმით, “სპეცრაზმის, რომელმაც გუშინ დაარბია, ადგილი აქ არის”.

სპეცრაზმი ქაშვეთთან დაახლოებით 17.30 საათზე გამოჩნდა. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რუსთაველის გამზირისკენ მიემართება წყლის ჭავლის მანქანები, რასაც შსს არ ადასტურებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, რომელშიც ათასობით მოქალაქე მონაწილეობს, პასუხია სპეცოპერაციისა, რომელიც პოლიციამ 12 მაისის თამეს თბილისის ორ კლუბში ჩაატარა.

აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.


შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.