ცქიტიშვილი: ვერანაირ გამართლებას ვერ ვპოულობ წუხელ პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი “ქართული ოცნებიდან” დიმიტრი ცქიტიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს თბილისის ღამის კლუბებში 12 მაისს, შუაღამისას ჩატარებული სპეცოპერაციის გამო.

“ვერანაირ გამართლებას და ახსნას ვერ ვპოულობ წუხელ პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით.

ველოდები შსს-ს ახნსნა-განმარტებებს სანამ მე ჩემს საბოლოო დასკვნებს გავაკეთებ. იმედია, არ დააყოვნებთ”, – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილმა კლუბებთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა. ამ განცხადებაში ის წერდა, რომ  ბოლო დროს ნარკოტიკის სავარაუდო მოხმარებასთან დაკავშირებული გარდაცვალების ფაქტების ფონზე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ხდება კლუბური ცხოვრების დემონიზება, რაც არასწორია.

“მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება კლუბებშიც ხდებოდეს, არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ კლუბები ამის სათავე და საფუძველია. ეს საკითხები უნდა გავმიჯნოთ. კლუბის მეპატრონეები და მესვეურები ცდილობენ ქვეყნის გათანამედროვებას, ცდილობენ პროგრესს შეუწყონ ხელი”, – მიიჩნევს დიმიტრი ცქიტიშვილი.