ელენე ხოშტარია სპეცოპერაციაზე: ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით,  12 მაისის თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაცია სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობა იყო. პარლამენტის წევრის შეფასებით, შსს-მ აქციის დარბევით ადამიანის უფლებები დაარღვია.

“წუხელ, რაც პირდაპირი ეთერით ვიხილეთ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ, პატიოსან, წესიერ მოქალაქეებზე და ქალაქის სტუმრებზე თავდასხმა და ძალადობა. ეს იყო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების, შეკრების თავისუფლების. შუა ქალაქში მოაწყეს თავისუფალი ადამიანების რბევა, რომელსაც კავშირი არ ჰქონია არც ნარკორეალიზატორებთან და არც კრიმინალთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის დროს არბევდა თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენ, ერთი მხრივ, ქვეყანაში გვაქვს კრინიმალის პრობლემა და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ამას. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოტიკებისგან და ესეც არის არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგი და ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამას ებრძოლოს, ისინი გადავიდნენ თავისუფალი, წესიერი მოაქალაქეების მიმართ ძალადობაზე,’’- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.