“თეთრი ხმაური”: გვქონდა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებზე პროვოკაცია იგეგმებოდა

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, კონკრეტული პირებისგან სპეცოპერაციამდეც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებზე “მიზანმიმართული პროვოკაცია” იგეგმებოდა. ამის შესახებ მოძრაობამ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, წყაროები აქამდეც ატყობინებდნენ, რომ შსს-ს თანამშრომლები კლუბების წინააღმდეგ მოქმედებისას მათ მიერ დაკავებულ პირებს იყენებდნენ. მოძრაობის თქმით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ სამართალდამცავები გაწერილი სცენარით მოქმედებდნენ.

“…გვატყობინებდნენ, რომ შსს-ს თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ პირები, რომელთა გამოყენებასაც აპირებდნენ კლუბების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად. აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ კლუბების წარმომადგენლებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კლუბები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ უდანაშაულობაში, აღნიშნული ინფორმაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მიგვიცია.
12 მაისის ღამის მოვლენებმა ფაქტობრივად დაადასტურა წყაროს ინფორმაცია, რაც ჩვენთვის წარმოადგენს ალიბს. მოვლენბმა ფაქტობრივად ცხადყო, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობის თქმით, კლუბ “ბასიანზე” საგამოძიებო მოქმედებებს კლუბის თანამშრომლები არ დაასწრეს, თუმცა არსებობენ მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციამ კლუბში ნარკოტიკი თავად შეიტანა:

“წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა კლუბებში ადგილი ჰქონოდა დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც ასევე ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე.
ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა, არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ. შეგახსენებთ, გუშინ, კლუბ ბასიანზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს არცერთი კლუბის თანამშრომელი და არსებობენ მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიცია საკუთარი ხელით ყრიდა კლუბის ტერიტორიაზე გაურკვეველ ნივთიერებებს”.

“თეთრი ხმარუსი მოძრაობა” ბოლო დროს რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებას, რომლის მიზეზით, ერთ-ერთი ვერსიით, ნარკოტიკული საშუალების მიღება გახდა, “მკვლელობებს” უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი საზოგადოებაში წინასწარი განწყობების შესაქმნელად გამოიყენეს.

“ვთხოვთ საზოგადოებას, არ აყვეთ ჩამდებთა ბრიგადების სცენარებს, შეხედეთ საკითხს ცივი გონებით და გახსოვდეთ, გამსაღებლები არიან სისტემაში, ეს არის მათი რევანში საღ აზრზე და ადამიანებზე, ვინც პირველებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას, რომ შემოყრილია მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ეს მკვლელობებიც იყო მიზანმიმართული, სწორედ იმისთვის, რომ შეექმნათ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი კლუბებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჯგუფების მიმართ”.