უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ამაშუკელი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
გიორგი ამაშუკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. იგი ასევე სწავლობდა ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესსა და კომერციულ სამართალში.
სხვადასხვა დროს ამაშუკელი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის სოციოლოგიურ კვლევათა დეპარტამენტში, იყო საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორების“ ადვოკატი, საადვოკატო ბიუროს – „დიდუბის ადვოკატთა კავშირის“ ადვოკატი, მუშაობდა იურისტად ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს ოფისში. იგი იყო შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, 2013 წლის აგვისტოდან კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაიანიშნა.
რაც შეეხება გიორგი სოლომონიას, იგი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1998 წელს დაამთავრა სოხუმის ცოტნე დადიანის სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; 2003 წელს კი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი.
სოლომონია სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის რეგიონული საბაჟოს უფროსი ინსპექტორი, შპს ავიაკომპანია „ვესტ-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო „ფოთის“ უფროსი ინსპექტორი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, საქართველოს ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი, შემოსავლების სამსახურის განყოფილების უფროსი, შემოსავლების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2009-2012 წლებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ გასულ კვირას კვლავ თენგიზ შერგელაშვილი დაინიშნა.