შსს: მხარს ვუჭერთ კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოტიკებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ მიერ 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი ნარკოლეარიზატორთა დაკავება იყო და არ იყო მიმართული საკლუბო ცხოვრების წინააღმდეგ.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა.”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, 12 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დაკაავეს. უწყების განცხადებით, ისინი კლუბებში სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულთა შორისაა კლუბის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი.

“ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება”, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ შსს-ს გააჩნია მოსამართლის განჩინებით ჩაწერილი ვიდეომტკიცებულებები.

პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

როგორც უწყება აცხადებს. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.

ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება, შსს-ს წარმომადგენლისთვის ბრიფინგზე დამატებითი კითხვები დაესვათ, მათ შორის, პოლიციელთა მხრიდან ძალის სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე.