შსს: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულია ყველა პირი, რომელიც 12 მაისის ღამეს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს, გარდა იმ 8 პირისა, რომლებიც ნარკორეალიზაციის ბრალდებით არიან დაკავებული.

შსს- ს არ დაუკონკრეტებია გამართულ ბრიფინგზე, თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებული რამდენი პირი გაათავისუფლეს, თუმცა, “თეთრი ხმაურის” მოძრაობის ცნობით, 60-მდე პირი იყო დაკავებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაახლოებით 35 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსით და უკვე გაათავისუფლეს. 

გამართულ ბრიფინგზე შსს-ს კომენტარი არ გაუკეთებია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე და არცერთ სხვა კითხვაზე, რომლებიც ჟურნალისტებს აქვთ – მათ კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

რაც შეეხება ნარკორეალიზატორებს, შსს-ს ცნობით,  სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ ნარკოგამსაღებლების გამოსავლენად. პოლიციის ცნობით, გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი.

“არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ამ კლუბებთან, რადგან ისინი ნარკოტიკებს ყიდდნენ. ერთ-ერთი დაკავებული კლუბის დაცვის წევრია”, – აცხადებს შსს.