აქციის დასრულების შემდეგ დემონსტრანტებმა ტერიტორია დაასუფთავეს [ვიდეო]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის დასრულების შემდეგ, ადგილზე შეკრებილებმა ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის მონაწილეებმა გასული ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე დაგროვილი ნარჩენები პოლიეთილენის პარკებში მოათავსეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.

კლუბ “ბასიანსა” და “კაფე-გალერიში” მოწყობილი რეიდების წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გამთენიისას დაიშალნენ, თუმცა დააანონსეს, რომ აქცია დღეს, 12 მაისს, 15:00-ზე კვლავ განახლდება.

ახალგაზრდებმა აქციების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პოლიციამ კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” რეიდი მოაწყო და არაერთი პირი დააკავა. სამართალდამცავთა ქმედებებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკას ისინი თავდაპირველად კლუბ “ბასიანის” მიმდებარედ, სპეცოპერაციის პარალელურად აპროტესტებდნენ, თუმცა პოლიციამ შეკრებილებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა და არაერთი ადამიანი დააკავა.