საქართველოს პრეზიდენტი არმენ სარქისიანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ წყაროს ცნობით,  ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა  საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განიხილეს.

“საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარქისიანმა ინფორმაცია მიაწოდა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ.  საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსხაურის გავრცელებულ განცხადებაში.

პრესამსახურის ცნობით, არმენ სარქისიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას დაადასტურა, რომ  26 მაისს თბილისს ეწვევა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.

ეს სომხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება საქართველოში.