სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანის პრემიერად დანიშვნას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 1 მაისს, სომხეთის ეროვნული კრებაში [პარლამენტი] პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ყველაზე მეტი [58] მანდატის მქონე, სახელისუფლებო რესპუბლიკურმა პარტიის დეპუტატებმა. შესაბამისად, ფაშინიანი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ვერ აირჩია.

ფაშინიანმა მხოლოდ 45 ხმა მიიღო, მისი არჩევის წინააღმდეგ კი 55-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

იმისთვის, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აერჩიათ, 53 ხმა იყო საკმარისი. ახალი პრემიერის ასარჩევად მორიგი კენჭისყრა ზუსტად 7 დღეში გაიმართება.

საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს კიდევ ერთხელ უყრის. თუ დეპუტატები პრემიერს კვლავ ვერ აირჩევენ, პარლამენტს დაითხოვენ, რის შემდეგაც სომხეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

პარლამენტის სხდომის პარალელურად ერევანში საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

საპროტესტო აქციისკენ ფაშინიანმა მხარდამჭერებს გუშინ, გვიან ღამით ფეისბუკით მოუწოდა. მისი გუშინდელი განცხადებით, ფლობდა უტყუარ ინფორმაციას, რომ რესპუბლიკური პარტია დღევანდელი სხდომის ჩაშლას აპირებდა.

უფრო ვრცლად, ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი წაიკითხეთ ბმულზე –  ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია: