სომხეთის პარლამენტი დღეს პრემიერს ირჩევს – აქციები გრძელდება

დღეს, 1 მაისს, სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] დეპუტატები პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. ოპოზიციონერი დეპუტატი და სომხეთში საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ამ პოსტზე ერთპიროვნული ლიდერია. დეპუტატები ამჟამად მის გამოსვლას უსმენენ. პარალელურად, ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპარლამენტო ფრაქციამ “გამოსვლა”, რომელსაც ეროვნულ კრებაში 9 მანდატი აქვს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. გარდა ამისა, “წარუკიანის” ფრაქციაში განაცხადეს, რომ მზად არიან მხარი “ხალხის კანდიდატს” დაუჭირონ. ამ ფრაქციას 31 მანდატი აქვს.

რაც შეეხება სახელისუფლებო, სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც 58 მანდატი აქვს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ “ფაშინიანის არჩევას ხელს არ შეუშლიან”, რაც პოლიტოლოგ მიკაელ ზოლიანის აზრით, ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რესპუბლიკური პარტიის წევრები ხვალინდელ სხდომაზე მივლენ, კვორუმი შედგება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ან ხმას სრულად, ან ნაწილობრივ ფაშინიანს მისცემენ. პრემიერ-მინისტრის არჩევას სულ 53 მანდატი სჭირდება. თუ დღეს პარლამენტი პრემიერს ვერ აირჩევს, პარლამენტს დაითხოვენ, რის შემდეგაც ახალი არჩევნები დაინიშნება.

ამ დროისთვის, პარლამენტის სხდომის პარალელურად, ქუჩაში ხალხია შეკრებილი. საპროტესტო აქციისკენ ფაშინიანმა მხარდამჭერებს გუშინ გვიან ღამით ფეისბუკით მოუწოდა. მისი გუშინდელი განცხადებით, ფლობდა უტყუარ ინფორმაციას, რომ რესპუბლიკური პარტია დღევანდელი სხდომის ჩაშლას აპირებდა.

უფრო ვრცლად, ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი წაიკითხეთ ბმულზე –  ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი, ერევანი