ISFED: გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა ოდენობა მანიპულაციის საფრთხეს ქმნის

“სამართლიანი არჩევნები”, რომელიც 28 აპრილს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ხონისა და ვანის #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება, აცხადებს, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა მაღალი რაოდენობაა, რაც საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს ქმნის.

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით,  #54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 34 საარჩევნო უბნიდან, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, 18 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა თითოეულ უბანზე აღემატება საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს, ხოლო დანარჩენ 16 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა 3%-ია ან თითქმის 3%-ს უტოლდება.

ამ 34 უბნის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ჯამში, შეყვანილია 1044 ამომრჩეველი.  „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს.

“საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა ქმნის საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს, ვინაიდან გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა ნაკლებად არის დაცული და დაზღვეული გაყალბების საფრთხისგან. გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პირობებში ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირება, არ არის გარანტირებული ხმის მიცემის ფარულობის დაცვა და ხმის მიცემის პროცესს კომისიის მხოლოდ ორი წევრი უზრუნველყოფს” – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, 14 საათის მდომარეობით, დააფიქსირეს 2 დარღვევა.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 25 საუბნო, 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფისგან.