საიას საეჭვოდ მიაჩნია გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ვანის #53 ოლქის 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ. აღნიშნულს შესახებ განცხადებას საია ვებგვერდზე აქვეყნებს.

როგორც საია განმარტავს, ვანის 53-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 26 აპრილს გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩვლების 3%-ზე მეტი შეიყვანა, რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საშუალება დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა.

“საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების  რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის  შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით,” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია, როგორც გამონაკლისი, თუმცა, როგორც საია აცხადებს, მათთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული  კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ.