Kuwait Airways საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია „Kuwait Airways“ იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში  2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია “Kuwait Airways”-ს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს მიერ 26 აპრილს მიენიჭა.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways” ასრულებდა. 2017 წლიდან აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება “Kuwait Wataniya Airways-მა” დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი ფრენებს “Jazeera Airways” განახორციელებს.

“Kuwait Airways” 1953 წელს ქუვეითში დაარსებული ავიაკომპანიაა, რომელიც ასრულებს რეისებს ევროპის, აზიისა და ამერიკის არაერთი მიმართულებით.