10 წლის მხატვარი თამარ ნოზაძე ქუთაისიდან პარიზში მიიწვიეს

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმის მოსწავლე, 10 წლის თამარ ნოზაძე პარიზში გამოფენაზე მიიწვიეს.

ნიკო ნიკოლაძის სკოლა–ლიცეუმის ცნობით, თამარ ნოზაძე ორგანიზაცია Club De Chance-ის პროექტის „დამიხატე მშვიდობა“/Drew me Piece-ის გამარჯვებული გახდა. პარიზში გაგზავნილი ნამუშევრებიდან ჟიურიმ არჩევანი რამდენიმე ნაშრომზე შეაჩერა. მათ შორის ქართველი კონკურსანტის ნახატებიც შეირჩა.

2018 წელს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად თამარ ნოზაძის ნამუშევარი “მსოფლიო ომის გარეშე” (World Without War) დაასახელეს, რის შემდეგაც თამარი პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში მიიწვიეს. მაისის თვეში მისი ნამუშევრები პარიზში გამოიფინება, სადაც სპეციალური მიწვევით გაემგზავრება.

მსოფლიო ომის გარეშე. თამარნ ნოზაძის ნახატი

თამარ ნოზაძე ხატვის ტექნიკას პედაგოგ ქეთევან ბიბილეიშვილთან ეუფლება. პარარელურად ტანვარჯიშსა მისდევს. თამარ ნოზაძე ვიოლინოს საუკეთესო შემსრულებელიცაა და დროის დიდ ნაწილს ხელოვნებას უთმობს. განსაკუთრებული ნიჭის მოზარდი უკვე თავისუფლად ფლობს 3 უცხო ენას.

საბავშვო კონკურსი “დამიხატე მშვიდობა” 2015 წლიდან ტარდება, რომელშიც 4-დან 16 წლამდე, 3 000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსი კულტურული–ჰუმანიტარული პროექტია,  რომლის მიზანი სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის, გენდერის მოზარდებს შორის სოლიდარობის, მეგობრობის, ჰუმანიზმის გაღვივებაა. კონკურსის მონაწილეები თავიანთი ნახატებით მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებენ.