მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობისა და მკვლელობისთვის რობერტ ახალაიას 18 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის რობერტ ახალაიას, რომელსაც ბრალად ედებოდა მამიდაშვილი გოგოს გაუპატიურების მცდელობა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 ივლისს თბილისში რობერტ ახალაიამ მუქარითა და ძალის გამოყენებით მამიდაშვილი გოგოს გაუპატიურება სცადა, თუმცა გაწეული წინააღმდეგობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. როგორც პროკურატურა აცხადებს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ახალაიამ მამიდაშვილს დანით არაერთი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც გოგო გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რობერტ ახალაია 2017 წლის 18 ივლისს ფოთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტები და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.