25 წლის ქალის მკვლელობაზე ბრალდებულის შეწყალებაზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე ხვალ, 16 აპრილს ისაუბრებს.

ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

“ხვალ იქნება პრეზიდენტის განცხადება ამ თემაზე,”- განუცხადეს ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შსს-მ ბრალდებული, მოკლულის ყოფილი მამინაცვალი – ვ.ბ. 14 აპრილს თელეთში დააკავა.

შსს-ს ცნობით, 2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ ცნო სასამართლომ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. იგი ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.