ცუკერბერგის მოსმენის შემდეგ Facebook-ის აქციების ფასი გაიზარდა

აშშ-ის სენატში მარკ ცუკერბერგის მოსმენის შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ის აქციების ფასი სამშაბათს 4.5%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის Facebook-ის აქციის ფასი 166 აშშ დოლარს შეადგენს.

CNBC წერს, რომ Facebook-ის აქციის ფასმა რეკორდულ ნიშნულს  2018 წლის თებერვალში მიაღწია, როცა 190 აშშ დოლარზე მეტი იყო, თუმცა მარტში აქციების ფასი თითქმის 11%-ით შემცირდა.

2018 წლის მარტში Facebook-ის აქციების ფასის შემცირება Cambridge Analytica-ს სკანდალს უკავშირდება. სოციალური მედიის კომპანიის კრიტიკა მას შემდგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ  დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ მილიონობით მომხმარებლის ინფორმაცია მოიპოვა. რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას, Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

ამ საკითხზე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 10 აპრილს ამერიკელ სენატორებს შეხვდა. თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, რომ სენატორები ცუკერბერგს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ, აღმოჩნდა, რომ დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, თუ რა პრინციპით მუშაობს Facebook.