სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მას უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებენ. მათი განცხადებით, გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები.
ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტი, ბოლო პერიოდში გამოვლენილ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
როგორც გავრცელებული კადრებიდან იკვეთება, ბელიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ რამდენიმე შავკანიანს თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სტუდენტების განცხადებით, მათ წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მოტივი მათი კანის ფერი იყო. ძალადობის დროს თავდამსხმელები მოითხოვდნენ, რომ მათ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.
მათი განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფის მსხვერპლ სტუდენტებს მომხდარის დავიწყება ურჩიეს და სამართლებრივი რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენიათ. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი გულგრილობა წარმოადგენს სსკ 342 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს:
“უნდა აღინიშნოს, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ინტერვიუებში ისინი ხშირად ჩივიან სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ გულგრილობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რაც თანასწორობის დაცვის მიმართულებით სამართალდამცავი სისტემების არაჯეროვანი ფუნქციონირებისა და დისკრიმინაციული საპოლიციო კულტურის პრობლემაზე უთითებს.”
შსს-ს განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით არის დაწყებული (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), თუმცა, როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, გამოძიების მიერ არ არის გამოკვეთილი რასის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი, რომელსაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი საგანგებოდ უსვამს ხაზს (სსკ-ის 53 პრიმა მუხლი) და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს.
“მისასალმებელია შსს-ს მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნა. თუმცა მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გრძელვადიან ცვლილებებთან ერთად (inter alia, პოლიციის თანამშრომლების სათანადო ცოდნითა და სენსიტიურობით აღჭურვა, დისკრიმინაციული დანაშაულების სტატისტიკის და ყოვლისმომცველი ანალიზის ჩატარება, სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთად კომპლექსური პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება, მსხვერპლების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა), ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მიმდინარე დანაშაულის ფაქტებზე, უზრუნველყოს მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვა და ამით აჩვენოს მისი პრინციპული პოლიტიკური ნება დისკრიმინაციულ დანაშაულებთან ბრძოლის პროცესში,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან საქართველოში მყოფი ადამიანები ხშირად ხდებიან ქსენოფობიისა და რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეში, საბანკო და სხვა კომერციულ დაწესებულებში მომსახურების მიღების დროს:
“მსგავსი დისკრიმინაციული სოციალური პრაქტიკების აღმოფხვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში მკაცრი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესს და სოციალურ გარემოს დაცლის ეთნოცენტრისტული, რასისტული, ქსენოფობიური შინაარსისგან და მრავალფეროვნებისა და თანასწორობის კულტურას წაახალისებს.
ასევე, მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა გაატარონ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა მათ სისტემებში. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობისა და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი პოზიტიური დისკურსის გაჩენას.”
შეისწავლოს და რეგაირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე.
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიასა“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” შემავალი ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:
[checklist]
[/checklist]
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.
ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.
გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და არა – რასობრივი დისკრიმინაციის. უკვე დაიკითხა ინციდენტში მონაწილე პირების და თვითმხილველთა ნაწილი, თუმცა არავინ დაუკავებიათ. ნიგერიელი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ.
ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.