თბილისში, ფალიაშვილის ქუჩის 44 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადზე მოქალაქე ტროტუარის ხარჯზე აივანს და კიბეს აშენებს.
მოქალაქე რუსუდან მაღალაშვილმა თავის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე კიბის აშენებაზე მერიას ნებართვა სთხოვა. მერიის რქიტექტურის სამსახურში გაგზავნილ წერილში იგი მიუთითებს, რომ ანალოგიური რამ მის მეზობლებასც აქვთ გაკეთებული.
მერიაში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 1,9 მეტრის სიგანის ტროტუარზე მიშენებული აივანი და კიბე ტროტუარის ნახევარზე მეტს – 1 მეტრს დაიკავებს. აივნის ქვეშ კი სარდაფში ჩასასვლელი კიბე გაკეთდება, რომელიც მეორე მეზობელს, ირინა ჯავახიას ეკუთვნის.
“შენობის ფასადზე უკვე განხორციელებულია მსგავსი ტიპის სამუშაოები, რითაც დარღვეულია ფასადის პირვანდელი სახე. გადაწყვეტილების მიღებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება”, – წერს მაღალაშვილი.
მერიის არქიტექტურის სამსახურმა თავის თანხმობაში მიუთითა, რომ ეს არის I კლასის მშენებლობა და ასეთი ტიპის მშენებლობა ნებართვის გაცემის გარეშეა შესაძლებელი, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას მერიის არქიტექტურის სამსახური ადასტურებს.