პროკურატურა ქიმერიძის საქმეზე: ყველა დაკითხულია და გამოძიება გრძელდება

როგორც პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ყველა მოწმე დაკითხულია და გამოძიება გრძელდება:

 

„გამოძიება დიდი ხნის წინ იყო დაწყებული, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. ყველა დაკითხულია და გამოძიება გრძელდება, თუკი გამოჩნდება რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ამ საქმეს დაეხმარება, მე თხოვნა მექნება, რომ თუ თქვენ გაქვთ ასეთი ინფორმაცია, გამოძიებას მიმართეთ.“

 

მისივე განამრტებით, თუ არსებობს მოწმე, რომლის შესახებაც პროკურატურას ინფორმაცია არ აქვს, ისინი ამ მოწმეს მიიღებენ და დაკითხავენ:

 

„რამდენიმე სხვადასხვა ვერსია განიხილება, მაგრამ რა ვერსია განიხილება, გამოძიების დასრულებამდე არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ როცა აქტიურდება საკითხი, როგორც წესი, ახალი მოწმე გამოჩნდება, მედიასთან მიდიან ძირითადად და პროკურორმაც მთხოვა, რომ თუ ასეთი რამ არის, მზად ვართ მოწმე მივიღოთ და დავკითხოთ.“

 

კითხვაზე, იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა აღნიშნულ საქმეში, პაიჭაძე პასუხობს:

 

„სანამ ბრალის წარდგენა არ მოხდება, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ნამდვილად არ შემიძლია.”

 

2012 წლის თებერვალში 47 წლის სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი პოლიციის შენობაში, სადაც დასაკითხად მიიყვანეს, კიბიდან გადმოვარდა. მაშინ უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ ქიმერიძე პოლიციელთა ძალადობას ემსხვერპლა. გაიმართა საპროტესტო აქციები.

 

2012 წლის 3 მარტს შს მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა:

 

“წინასწარი მოკვლევით ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩემი აზრით. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ შემოვიღებთ ახალ წესებს, უფრო გამჭირვალეს გავხდით იმ პროცესებს, რომელიც პოლიციის შენობაში მოსული ნებისმიერი სტუმრის და ნებისმიერი სტატუსით მყოფი  ადამიანის გადაადგილების, ასე ვთქვათ, მისი უსაფრთხოების დაცვის საკითხს შეეხება. უახლოეს დღეებში ჩვენ ამ ბრძანებულებას გამოვცემთ. ამ ბრძანების ნაწილი იქნება ის, რომ დანაყოფის მთავარი ხელმძღვანელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამა თუ იმ შენობას, განყოფილებას თუ სამმართველოს, იქნება პასუხისმგებელი ამ ნორმების შესრულებაზე და პირადად იქნება პასუხისმგებელი, მათ შორის უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე. იმისათვის, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ ამ ბრძანებულების შესრულებაზე, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ხელსაყრელ ადგილას დავაყენოთ ვიდეოკამერები.”

 

2012 წლის 6 მარტს შს სამინისტრომ ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.