გიორგი კანდელაკი კახეთის აეროპორტზე – პრემიერის განცხადება არაკომპეტენტურია

პრემიერ-მინისტრის 25 მარტს გაკეთებულ განცხადებას, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება, “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი არაკომპეტენტურს უწოდებს.

“გომბორის უღელტეხილის ქვეშ დაგეგმილი გვირაბის არსებობის შემთხვევაში, თბილისიდან თელავამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთამდე მცირდება, რაც უდიდესი სტიმული იქნებოდა კახეთის ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის. ამ გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობას არც დაუწყია, კახეთში აეროპორტის არსებობას ეკონომიკურ მიზანშეწონილობას უკარგავს,”- აცხადებს გიორგი კანდელაკი.

პარლამენტის წევრის თქმით, გასულ წელს აშენებული ამბროლაურის აეროპორტი უფუნქციოა და აეროპორტზე დახარჯული თანხა სჯობდა საჩხერე-რაჭის გზის პროექტს  მოხმარებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიგან კახეთში  აეროპორტის შესაძლო მშენებლობაზე დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ  პრემიერის გუშინდელი განცხადება  ჯერ მხოლოდ ინიციატივაა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კერძო სექტორთან პარტნიორობით, პირველ ეტაპზე კახეთში პირდაპირი და ჩარტერული რეისები განხორციელდება.

“მე ვფიქრობ, ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნისას განაცხადა.

“ამაზე ფიქრი მიდის. კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში პირდაპირი, ჩარტერული რეისები განხორციელდეს პირველ ეტაპზე, შემდეგში კი, შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ზემოხსენებული სასტუმრო კახეთში “აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში აშენდა. პრემიერმა ისაუბრა კახეთში რკინიგზის აუცილებლობაზეც.

“რკინიგზა უდიდეს სიმდიდრეა, რომელიც ჩენ გვაქვს. ახალი რკინიგზის გაყვანა უზარმაზარი თანხა ჯდება. კახეთის მიმართულებით ჩვენ რკინიგზა გვაქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია”, – თქვა კვირიკაშვილმა.

რაჭაში, ამბროლაურში აეროპორტი 2017 წლის დასაწყისში გაიხსნა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ქეთევან ალექსიძის, თქმით, აეროპორტის პროექტი 12 მლნ ლარი დაჯდა .