სუს-მა გურჯაანის მერიის მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა

სუს-ის ცნობით,  სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და სამსახურებრივი გულგრილობის გამო დანაშაულში გურჯაანის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ამხილეს.

კერძოდ, უწყების ცნობით, გურჯაანის მერიის თანამშრომლების სამსახურებრვი გულგრილობის გამო შპს “მოხელეს” დირექტორი თემურ ფ. მოტყუებით დაეუფლა გურჯაანის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 14 302,96 ლარს.

სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შვიდი ადამიანი:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს ,გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი დაევალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიმდინარე მშენებლობაზე მომსახურებისა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ კომისიას შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი კ, კომისიის წევრები: ნოდარ შ, დურმიშხან ა, თეიმურაზ ბ, გიორგი ა, ივანე ქ. და დიმიტრი ა.

შპს ,,მოხელემ“ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849,98 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად შეასრულა 29 048,11 ლარის სამუშაოები. შპს “მოხელეს” დირექტორმა და დამფუძნებელმა თემურ ფ-მ  არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შეადგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფორმა №2-ები საერთო ღირებულებით 43 351,07 ლარი, რაც წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომისიის ზემომითითებულმა წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და  შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი.

ამდენად, თემურ ფ.  დიმიტრი კ-ს,  ნოდარ შ-ს,  დურმიშხან ა-ს თეიმურაზ ბ-ს გიორგი ა-ს, ივანე ქ-ს  და დიმიტრი ა-ს  სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით 14 302,96 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით)რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით,”- აცხადებს სუს-ი.