ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულება დააჩქარა – კახიძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ოთო კახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მარტის შეკრებაზე ვანო მერაბიშვილის საქმის აღსრულება დაჩქარებული პროცედურით გადაწყვიტა.

კახიძის განმარტებით, საქმეების აღსრულება ხდება ორი გზით – სტანდარტული და დაჩქარებული. მისივე ინფორმაციით, სტანდარტულად აღსრულდება გადაწყვეტილებათა აბსოლუტური უმრავლესობა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, დაჩქარებული აღსრულების წესს ირჩევენ მხოლოდ მაშინ, როდესაც სასწრაფოდ მისაღებია ინდივიდუალური ზომები ან საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებთან.

“იდეაში, ეს უკვე სიგნალია მთავრობისთვის, რომ თვალი გაუსწოროს მძიმე რეალობას და გაათავისუფლოს მერაბიშვილი, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ოცნება ადეკვატურობას გამოიჩენს. როგორც ჩანს, ეშინიათ სტრასბურგში გამარჯვებული მერაბიშვილის, მაგრამ მოუწევთ გამოშვება, მალე,” – წერს სოციალურ ქსელში ოთო კახიძე.

2017 წლის დეკემბერში 9 ევროპარლამენტარმა ქართულ მხარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. განცხადებას ხელი მოაწერეს ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და ლიბერალური პარტიის წარმომადგენლებმა. გასული წლის 28 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ (ე.წ. უდოს კომისიამ), რომელიც მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს წყვეტს, ყოფილი პრემიერს შეწყალებაზე უარი უთხრა.

[red_box]რისთვის იხდის სასჯელს ვანო მერაბიშვილი?[/red_box]

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული, მათ შორის, ყველაზე მაღალი სასჯელი პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე აქვს.

ვანო მერაბიშვილი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გზით ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ჩამოაშორა პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებლობა არ მისცა, მონაწილეობა მიეღო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.