ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა, ბექა კობახიძემ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა ქართველი ხალხის საუკუნოვანი პეტიციის ორიგინალს მიაგნეს რუსეთის წინააღმდეგ.
1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია. ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო “ქართველი ხალხის პეტიციის” შედგენა.
პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. საჯაროდ ასე იყო ცნობილი, რომ ტექსტი შეადგინა მომავალში ეროვნულ-დემოკრატმა, იურისტმა გოგიტა გვაზავამ.
ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვნახე ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, რომ ტექსტის რედაქტირებაზე და მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე მუშაობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლივერ უორდროპი. მან ისიც მოახერხა, რომ ტექსტი მოხვედრილიყო კონფერენციის მონაწილეთა მაგიდაზე, მაგრამ საკუთარ მონაწილეობას, გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლომდე ასაიდუმლოებდა.
ვარლამ ჩერქეზიშვილმა ასე შეაფასა ეს მოვლენა: “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”
სამიათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით, მაგრამ სად იყო ეს ხელმოწერები არ გვენახა. 2013 წელსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე ოქსფორდში.
როგორც ხდება ხოლმე, არასწორი სახელით აღმოჩნდა კატალოგიზირებული.
ახლა კიდევ ერთხელ მოძებნა მთხოვა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ და ისევ ვერ მოვძებნიდი, რომ არა ჯილიან ევისონი, რომელიც ამ კოლექციას კურირებს და იცის სად რა ეშმაკი შეიძლება იყოს დამალული. თავიდან ვერც მან მოძებნა, მაგრამ განმეორებითი და განმეორებითი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ.
25 ფურცელი, ხელმოწერებით სავსე. ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია, ნამდვილად, ამ პრინციპითაც შედგა ის:
წარმოიდგინეთ, რამხელა შრომა და რისკია ამ ყველაფერში ჩადებული:
ცარისტული რუსეთის პირობებში ეს ხალხი დადიოდა მთელი საქართველოს გარშემო და აგროვებდნენ ხელმოწერებს;
ხომ არაფერი ყოფილა შედეგი, ამას საქართველოს გათავისუფლება არც მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, მაგრამ თვითონ კმაყოფილები იყვნენ, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”
ეს ხელმოწერები გვეუბნება, რომ ეროვნული თავისუფლებების მნიშვნელობა, ელიტურ ჯგუფებში მაინც, იმაზე მაღლა იყო, ვიდრე ხშირად გვგონია. სოციალური ისტორიის შესასწავლადაც საინტერესო აღმოჩენაა.
მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მეხსიერების პოლიტიკისა და მუზეუმისთვის არის ეს დოკუმენტი:
განახლება: ნეტგაზეთზე გამოქვეყნებულ სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ასეთი ინტერესი გამოიწვია რუსეთის წინააღმდეგ პირველი ქართული პეტიციის ამბავმა, რადგან ბევრმა პირველად გაიგო პეტიციის თაობაზე, დაინტერესდა და თანამედროვე ვითარებას შეადარა. მისი თქმით, მალე პირველად ვნახავთ გვარებსა და ხელმოწერებს. მიუხედავად ამისა, ბექა თხოვნით მიმართავს მკითხველს, გმირობას და რაიმე სენსაციას ნუ დააბრალებენ.
გუშინ დავწერე პოსტი, გუშინვე ძალიან გავრცელდა. დღეს გავიღვიძე და საერთოდ საგიჟეთი დამხვდა, ლამისაა გმირობა დამაბრალონ. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ არც ვალაიქებ და არც შევიფერებ.
ეს იყო ფეისბუქ პოსტი და ცხადია მასზე სქოლიოები და სამეცნიერი წიაღსვლები არ გამიკეთებია, წარმოდგენა არ მქონდა ასეთი ამბავი თუ მოყვებოდა.
მეცნიერებას სძაგს სენსაციოლოგია და კიდევ უფრო სძაგს რაღაცეების საკუთარ თავზე მიწერა. ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგი თავად ვარ, ამიტომ კარგად უნდა განვმარტო:
სადაც პიონერობა შეიძლება დამბრალდეს არის ის, რომ მომდევნო დღეებში ერთ-ერთი გამოცემა სრულად დადებს ამ ხელმოწერებს და თქვენ შეგეძლებათ იქ მოძებნოთ თქვენი გვარის ხალხი, წინაპრები და ა.შ.
შედეგი ძალიან კარგია, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია, ბევრმა პირველად გაიგო პეტიციის თაობაზე, დაინტერესდა, თანამედროვე ვითარებას შეადარა. ახლა ვნახავთ პირველად გვარებსა და ხელმოწერებს. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნურავითარ სენსაციას, გმირობას და ა.შ. ნუ დამაბრალებთ.
მადლობა კიდევ ერთხელ.
რუსეთის საწინააღმდეგო საუკუნოვან პეტიციაზე ხელმომწერები – სიის ნაწილი