საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შშმ პირთა 30%-ზე ნაკლებმა ისარგებლა – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაციის, “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”, მომზადებული კვლევით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შშმ პირთა 30 პროცენტზე ნაკლებმა ისარგებლა.  

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით შშმ პირთა მხოლოდ 23-მა პროცენტმა ისარგებლა, 2016 წელს ეს რიცხვი 26 პროცენტს შეადგენდა, 2017 წლის 5 თვის მონაცემებით კი  მხოლოდ 11%-მა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ეს რიცხვი საკმაოდ დაბალია იმის ფონზე, რომ შშმ პირები დაუცველ კატეგორიას წარმოადგენენ და მათი სამედიცინო მომსახურების საჭიროება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისა.  სერვისით მოსარგებლე შშმ პირთა 95-მა პროცენტმა, ეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გააკეთა.

კვლევის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და 18 წლამდე შშმ ბავშვები  სხვა კატეგორიებთან შედარებით უკეთესი სამედიცინო პაკეტით სარგებლობენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 30 %-ზე ნაკლებმა ისარგებლა.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვები ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფოკუს ჯგუფთანაც იმუშავეს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა უმთავრეს გამოწვევად ჯანდაცვის მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხი დაასახელეს.

ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ უმეტეს შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვა სრულად არ ფარავს საჭირო კვლევების საფასურს. მათ შორის, თირკმლის და უროლოგური პრობლემების კვლევას, რომელიც ყველაზე ხშირად სჭირდებათ ეტლით მოსარგებლეებს. კერძო სადაზღვეო კომპანიებს კი მათი თქმით, დისკრიმინაციული მიდგომები აქვთ:

“ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ხშირად მათდამი დისკრიმინაციულ მიდგომას იჩენს სადაზღვეო კომპანია და უარს აცხადებს შშმ პირთა დაზღვევაზე მაღალი რისკის გამო,” – ვკითხულობთ კვლევაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ მიზეზით შშმ პირი მოკლებულია დაზღვევის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას და მათი დაზღვევა ხშირად მხოლოდ კორპორატიული პაკეტის საშუალებით ხდება, რითაც მხოლოდ დასაქმებული ოჯახები სარგებლობენ. კორპორატიულ პაკეტში კი ხშირად იგნორირებულია უშუალოდ მათი საჭიროებების კვლევა და ამბულატორიული მკურნალობა.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც კვლევამ გამოავლინა, ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამების არარსებობაა:

“მონაწილეთა უმრავლესობა, განსაკუთრებით ცერებრალური დამბლის მქონენი, აღნიშნავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებული დონის შესანაარჩუნებლადაც კი აუცილებელია წელიწადში მინიმუმ 1 სარეაბილიტაციო კურსის გავლა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მსგავსი პროგრამები, მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას,” – ვკითხულობთ კვლევაში.

ანგარიშში ყურადღება არსებული სერვისების ხელმისაწვდომობაზეცაა გამახვილებული. კერძოდ, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში, შშმ პირებს კლინიკებში შესაბამისი ცოდნის არქონის მოტივით, მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”, კვლევის ფარგლებში შშმ პირთათვის ადაპტირებულობის თვალსაზრისით, თბილისში არსებულ 15 კლინიკაში არსებული მდგომარეობა შეისწავლა. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, არცერთი მათგანი უსინათლო, ან მხედველობადაქვეითებული პირისთვის ხელმისაწვდომი არაა. ადაპტირებული საპირფარეშო და საშხაპე კი მხოლოდ ორ მათგანშია.

კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია სხვადასხვა უწყებას რეკომენდაციებით მიმართავს.

“ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს ზედამხედველობა მთავრობის მიერ გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაზე და კანონმდებლობის კონვენციის პრინციპებთან ჰარმონიზება უზრუნველყოს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კი მოუწოდებს, განახორციელოს ჯანდაცვის ობიექტებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შშმ პირთა მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ეფექტური აუდიტი.

ორგანიზაცია მიმართავს ადგილობრივი თვითმმართელობის ოგანოებს ჯანდაცვის ობიექტებში შშმ პირთა მომსახურე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მისაწვდომი პარკირება უზრუნველყოს.

საქართველოს მთავრობას კი სთხოვს:

“ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს: