საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

2018 წლის “რაგბი ევროპის” ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი 25:16 დაამარცხა. გარდა ამისა, ბორჯღალოსნებმა “ანთიმოზ ივერიელის” თასი დაიბრუნეს. საქართველოს ნაკრებმა მეათედ გაიმარჯვა ერთა თასზე.

მარცხის მიუხედავად, საქართველოსთან მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იზეიმა, რადგან ესპანეთის ნაკრებმა ბელგიასთან სტუმრად 10:18 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

მერვე წუთზე სოსო მათიაშვილმა გახსნა ანგარიში, რომელმაც საჯარიმო დარტყმით სამი ქულა მოუტანა საქართველოს ნაკრებს. სამ წუთში რუმინელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მე-20 წუთზე კი სტუმრები ყვითელი ბარათის გამო 14 კაცით დარჩნენ მოედანზე. შერკინების შემდეგ, ლაშა ლომიძემ ლელო დადო, ხოლო გარდასახვა სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა. ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო რუმინეთის ნაკრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 6:10 გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ანზორ სიჭინავამ დადო ლელო და სოსო მათიაშვილმა გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა. მალევე, შერკინების დროს, რუმინელები დაჯარიმდნენ, ხოლო მათიაშვილმა მორიგი სამი ქულა მიითვალა და ანგარიში 20:6 გახდა. 61-ე წუთზე რუმინეთმა ჯარიმით სხვაობა 11 ქულამდე დაიყვანა. 73-ე წუთზე კახა ასეიშვილმა დადო ლელო, ხოლო მატჩის ბოლოს – სტუმრებმა. შესაბამისად,  ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა 9 ქულის სხვაობით გაიმაჯრვეს.

ფინალური მატჩის საუკეთესო მორაგბედ გიორგი თხილაიშვილი დასახელდა. მან მადლობა გადაუხადა სტადიონზე შეკრებულ გულშემატკივარს. მისი თქმით, ისინი მე-16 მოთამაშეები არიან ნაკრების და დიდ სტიმულს აძლებენ მორაგბეებს.

როგორც მატჩის საუკეთესო მორაგბე ამბობს, ბორჯღალოსნებს რაც ჰქონდათ მიზნად დასახული, იმ შედეგის მისაღწევად გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რითიც კმაყოფილები არიან:

[red_box]”რა თქმა უნდა, ველოდით, რომ სტადიონზე ასეთი სიტუაცია იქნებოდა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ გულშემატკივარს. გამოვედით მოსაგებად, დავიბრუნეთ თასი და გავახარეთ ხალხი.”[/red_box]