მთავრობის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები უკვე გუდაურში არიან

16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ. კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს დილით გუდაურში საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები და შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები.

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ ვითარებას. „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა პირველი კომენტარი გააკეთეს.

კომპანიის ექსპერტების განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ისინი გეგმავენ ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს“ სადგურის მონახულებას, ინციდენტის ადგილის უშუალო დათვალიერებას, მისი მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას. მომდევნო ეტაპზე ექსპერტები უშუალოდ საბაგიროს დოკუმენტაციას შეისწავლიან.

საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე. მთავრობას მიაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ საქართველოს რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით:

გუდაურის საბაგირო ავსტრიულმა კომპანია დოპელმაიერმა ააშენა. მათი წარმომადგენლები საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდნენ. კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავთ წარმომადგენლობა. ამ დროისთვის დოპელმაიერს 14 800 საბაგირო აქვს დამონტაჟებული.

16 მარტს, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.