საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ სისტემის გამოსწორების ნაცვლად, დღეს სასჯელაღსრულების დაესებულებებში იგივე და უარესიც ხდება. მისივე მოსაზრებით, დღეს “სასჯელაღსრულებაში არის სრული ჯუნგლი”:
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სადაც ბაჩო ახალაიას იწერდნენ, იქ ყველას ჩანაწერები, მათ შორის ვანო მერაბიშვილისაც იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კანონი არ დარღვეულა:
“რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და რაც გაავრცელა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა ხორციელდებოდა მისი თანხმობით და მოთხოვნით, გამომდინარე უსაფრთხოების ინტერესებიდან. როდესაც პატიმარი ითხოვს, რომ მისი შეხვედრები იყოს ჩაწერილი, თუნდაც აუდიო წესით, რომ იყოს უფრო მეტად დაცული მისი ინტერესები და როდესაც მისი განცხადება და ხელმოწერა არსებობს ამაზე, აქ არანაირად არ ირღვევა კანონი.”
საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს გია ვოლსკის. მისი თქმით, საქმე გადაცდომასთან გვაქვს:
“სახელმწიფოს არსებობის პერიოდში გადაცდომების ფაქტები ხდება, ვფიქრობ, გადაცდომაა, თუ ეს იწერებოდა და თუ უკანონი იყო. არ დავინტერესებულვარ დეტალებით, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ და მკაფიო პასუხიც უნდა გასცენ ამ თემას, მე ასე ვფიქრობ.”
კითხვაზე, რამდენად ვარაუდობს, რომ მსგავსი ჩაწერა სხვა პირების, იგივე ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც განხორციელებულიყო, ვოლსკი პასუხობს, რომ არ ჰგონია, საქმე სისტემური ხასიათს ატარებდეს:
“მე არა მგონია სისტემური ხასიათი ჰქონდეს ამას, არ მინდა, რომ ეგრე მეგონოს. არც მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თუ ეს კანონის დარღვევაა, რომ არის სისტემური ხასიათი, მე გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ფსონია დადებული ჩვენს პარტიაზე, მის ავტორიტეტზე, ასე რომ, ეს გადაცდომა არ არის სახელწმიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.”
