საია წვრილმანი ხულიგნობის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

საია სასამართლოში ასაჩივრებს წვრილმანი ხულიგნობის მუხლს და აცხადებს, რომ უცენზურო გამონათქვამის ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ვინაიდან შეუძლებელს ხდის ამ ტერმინის გამოყენებით პოლიტიკოსის კრიტიკას.

კონკრეტულად, საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს (წვრილმანი ხულიგნობა) და .,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ,,უხამსობის“ განმარტებასთან დაკავშირებული მუხლების ნორმატიულ შინაარსს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საიას კონსტანტინე ჩაჩანიძის სახელით შეაქვს.

კონსტანტინე ჩაჩანიძე იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც 2015 წლის 19 ივლისს “პანორამა – თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. ისინი სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო საპროტესტო აქციაზე პანორამა თბილისთან დაკავშირებით გამოყენებული უხამსი გამონათქვამის გამო და ჯარიმა დააკისრა.

“დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც, პროფანაციულ სიტყვას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური, კულტურული საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. კონტექსტის განურჩევლად, ასეთი სიტყვის წარმოთქმა ბლანკეტურად მიჩნეულია უხამსობად. ამ სიტყვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოთქმა კი იწვევს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

საია მიიჩნევს, რომ უცენზურო გამონათქვამის ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ვინაიდან შეუძლებელს ხდის ამ ტერმინის გამოყენებით პოლიტიკოსის და სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. ამგვარად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან და მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან,”- აცხადებს საია.