ქარის გამო საგანგებო სიტუაციბის მართვის სამსახურში 200–მდე ზარი განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 9 მარტს, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით, ჯამში, 200-მდე ზარი განხორციელდა. მათ შორის, 123 თბილისში, ხოლო 75- სხვადასხვა რეგიონში.

სამსახურის ცნობით, თბილისში სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს.

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 მარტს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი იყო მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი 17:00 საათიდან გაძლიერდა. ქარის სიჩქარე მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.

პროგნოზის მიხედვით, თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 10 მარტის დილამდე შენარჩუნდება.