საპატრიარქოს ცნობით, ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ

საქართველოს საპატრიარქო 2018 წლის 5 მარტით დათარიღებულ რუსეთის პატრიარქ კირილის წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.

რუსეთის პატრიარქ კირილის საპასუხო წერილში წერია: “პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით”.

იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ აღნიშნულ წერილში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საპასუხო წერილის ბოლოს წერია: “დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს”.