მესტიის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ სვანეთში არ დაუშვებენ არცერთი ჰესის მშენებლობას.
სვანეთის თემთა შეკრება პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს განცხადებით მიმართავს.
ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
ქრისტესშობიდან 2018 წლის 4 მარტს ზემო სვანეთში, მესტიაში შეკრებილი ლალხორის წარმომადგენლები ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ:
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, გაეროსგან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას. შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება. ასევე, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით, ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.
ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების განახლება/გაგრძელება აღიქმება შეგნებულ პროვოკაციად, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ დააფიქსიროთ თქვენი ოფიციალური პოზიცია დააფიქსიროთ და შეგვატყობინოთ წერილობითი ფორმით”.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, დავით გულბანის თქმით, სვანეთის თემთა შეკრებაში 17 თემია გაერთიანებული. გუშინ, 4 მარტს, მესტიაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
დავით გულბანის განცხადებით, სვანეთში ჰესების მშენებლობა უნდა შეწყდეს. მისი თქმით, რეგიონში ტურიზმი და სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს.
“ამ ჰესების მშენებლობით სვანეთი კარგავს იმ უნიკალურობას, რაც მისი ხელუხლებელი ბუნებაა. ამავდროულად, ის აზიანებს იმ საცხოვრის სივრცეს, რომელშიც ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს. ჭალაჰესი, ნესკრაჰესი, რომლის აშენებასაც აპირებენ, ხუდონჰესი, რომლის მშენებლობაც თითქოსდა შეჩერებულია, თუმცა არ გაუუქმებიათ მისი მშენებლობა, დამანგრეველი იქნება სვანეთის ეკოლოგიისთვის და ჩვენ ვთვლით, რომ ეს სვანეთში უნდა აიკრძალოს,” – აცხადებს დავით გულბანი.
2015 წლის 31 აგვისტოს საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანიამ K-Water, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. მათი შეთანხმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში,უნდა აშენდეს 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურის შენაკად ნენსკრაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 2 ოქტომნბერს დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა ნენსკრა ჰესის აშენების თაობაზე.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. ფონდის თანახმად, პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.
რაც შეეხება ხუდონჰესს, პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, Galt & Taggart, ავსტრიულ კომპანია RP Global -თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე ჰესს აშენებს. უწყების თანახმად, ეს იქნება 30-მეგავატიანი ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.