პრესსამსახური: თურქეთისა და საქართველოს ვიცეპრემიერებს ჩაბუქის საკითხი არ განუხილავთ

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ვიცეპრემიერს, მეჰმეთ შიმშეკს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გავლენას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკურ მსგომარეობაზე ახდენს თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებაზე საუბრისას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების შანსებსაც გაუსვეს ხაზი, რომლებიც გულისხმობს თურქულ ბაზარზე ცხოველური პროდუქტების კვოტების ფარგლებში ტარიფების გარეშე შესვლას.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე, რომლის გადაცემასაც თურქეთის ხელისუფლება საქართველოს სთხოვს. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიცეპრემიერებს საკითხი არ განუხილავთ.

“თავიდან ბოლომდე ეკონომიკის თემები იყო განხილული. ვაჭრობა იყო ძირითადი განსახილველი თემა და მეორე საკითხი იყო ენერგეტიკა. პოლიტიკური საკითხები არ განხილულა, თორემ ჩვენც გავავრცელებდით ინფორმაციას”, – აღნიშნეს სამინისტროში.