კახეთში, გურჯაანის სპირტის ქარხნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ქარხნის დირექტორმა, ლადო ფოთოლაშვილმა Reginfo-ს განუცხადა, გარდაცვლილი იმ სამუშაოს ასრულებდა, რომელიც მას არ ევალებოდა.
“ის იყო ზეინკლის თანაშემწე. მასთან შრომითი ხელშეკრულებაც ამაზეა გაფორმებული. საიდანაც გადმოვარდა, იქ არაფერი ესაქმებოდა”- განაცხადა ლადო ფოთოლაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.