სახელმწიფო აუდიტის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2015–16 წლებში მერიის საქმიანობას, აღნიშნულია, რომ დავით ნარმანიას მერობის დროს გაყიდული თუ იჯარით გაცემული ქონებიდან მიღებულ შემოსავლის ნაწილს მერიის ბიუჯეტი კარგავდა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აუქციონზე ფართის გასხვისებისას იზღუდებოდა კონკურენცია და მუნიციპალიტეტი კარგავდა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. აუქციონების უმრავლესობა მიმდინარეობდა უკონკურენტო გარემოში და პოტენციური მყიდველი ძირითადად ხდებოდა მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე, რადგან მერია მიწის ფართს რამდენიმე საკადასტრო ერთეულად ჰყოფდა.
გარდა ამისა, მიწის ნაკვთების ნაწილი მერიას გასაყიდად გამოჰქონდა მშენებლობის აკრძალვის პირობით, რაც ფასს უკარგავდა მიწის ნაკვეთებს. თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურმა გაარკვია, იაფად გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე მესაკუთრეები არქიტექტურის სამსახურიდან მშენებლობის ნებართვებს მაინც იღებდნენ.
პრივატიზებული მიწის ფართები
ანგარიშის მიხედვით, 2015–16 წლებში მერიამ 980 ფართი გაასხვისა არსებული კონფიგურაციით მშენებლობის ნებართვის გარეშე. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას, რომელიც, აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, მერიამ საბაზრო ფასზე იაფად გაასხვისა.
ანგარიშის მიხედვით, წლების განმავლობაში, მერიის მიერ იჯარით გაცემული ფართების საბაზრო ღირებულება იზრდებოდა, თუმცა მერიას იჯარის ფასებისთვის არ გადაუხედავს. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს.
სარგებლობის უფლებით გაცემული შენობა-ნაგებობები
2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემულია 804 ობიექტი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები). მათ შორის, 135 ობიექტი გაცემულია აღნაგობის უფლებით, ხოლო 669 ობიექტი – იჯარით.
აუდიტის სამსახურმა ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ნაწილში 10 მიწის ნაკვეთი შეისწავალა, რომელიც საბაზრო ფასზე 250-500%-ით იაფად არის გადაცემული.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოიჯარეების მიერ გადაუხდელმა საიჯარო ქირამ 769 400 ლარი შეადგინა, რაც 2015 წელს მისაღები საიჯარო თანხის 18%-ია, ხოლო 2017 წლის 5 იანვრის მდგომარეობით, გადაუხდელი თანხა გაზრდილია და 1 120 900 ლარს შეადგენს, რაც 2016 წელს მისაღები საიჯარო თანხის 23 %-ია.