დაცვის მხარის არგუმენტაცია გამომდინარობდა იქიდან, რომ დასავლეთ საქართველოში მოქმედი პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის თავმჯდომარეა მოსამართლე მალხაზ გურული. ადვოკატები აცხადებენ, რომ გურული იყო არაუფლებამოსილი მოსამართლე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განიხილა ვანო მერაბიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ გადაწყვეტილებას მერაბიშვილის ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

 

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, სასამართლოს მიერ დღეს მათი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მოტივაცია ძალიან გაუგებარია:

 

„დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს შემადგენლობის აცილებაზე, ზოგადად, ქუთაისში რომ არ ჩატარებულიყო ეს პროცესი და დასავლეთ საქართველოს არცერთ რაიონულ სასამართლოში. იმიტომ, რომ ეს განაჩენი უნდა გასაჩივრდეს ქუთაისის რაიონულ სასამართლოში. არ დაგვიკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და გაგრძელდა პროცესი.

 

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი

ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სასამართლოსთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს:

 

„თვითონ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების დროს, მაისში, იმდენად უხეში დარღვევები ჰქონდა როგორც მოსამართლე ახალბედაშვილს, ისე მოსამართლე გურულს, ძალიან სერიოზული ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მალხაზ გურულის ზედამხედველობის ქვეშ, ქუთაისში ვისაც არ უნდა დაეწეროს ეს საქმე, რამდენად შეძლებს ობიექტურ მსჯელობას. იმიტომ, რომ ერთი, რაც უტყუარია და რაზედაც, სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრმა ირიბად აღიარა, რომ ეს სტრასბურგში წასაღები საქმეა, არის ის, რომ მალხაზ გურულს არ ჰქონდა უფლება, აპელაციაში განეხილა ჩვენი საქმე. თავად ის ფაქტი, რომ 8 შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა 4 თვის განმავლობაში და 8 შუამდგომლობის დროს, ყველა დაეწერა მაინცდამაინც ახალბედაშვილს, მაშინ, როდესაც თბილისში აყენებენ შუამდგომლობას, სულ სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს. აქ, 4 თვის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ თითქოს სხვებს არ ეცალათ. ეს ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს და ახალბედაშვილი თვითონ კი არ იწერს ამას, ზემდგომი აწერს და ამიტომ ქუთაისის მთელი შემადგენლობის აცილება დააყენა ადვოკატმა. ვანო მერაბიშვილსაც და მეც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ფასი, რომელიც ჩვენ და ჩვენმა მრავალმა აქტივისტმა, რომლებიც დაყავთ სასამართლოში, უნდა გადავიხადოთ ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.“

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი პროცესი დაიწყო ისევ დარღვევით:


“თქვენ იცით, რომ აქ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, აპელაციაში უნდა მივიდეს იმავე მოსამართლესთან, რომელსაც უკვე აზრი გამოთქმული აქვს საქმეზე. ასე რომ, დაცვის შუამდგომლობა იყო სრულიად ლოგიკური. პროკურატურამაც დაადასტურა, წამოცდათ, რომ მოსამართლე გურულმა შეცდომა დაუშვაო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. ეტყობა, რაღაც გზები აქვთ გამონახული იმერეთის სასამართლოში და აი, ასე მიუყვებიან ამ აბსურდულ ბრალდებას. შუამდგომლობა იყო, რომ საქმე წასულიყო ნებისმიერ სხვა სასამართლოში, სადაც აპელაციას არ მოუწევდა იგივე მოსამართლეს დაქვემდებარებული მოსამართლეების განხილვა“.


საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ საქმე პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს:


„რაც შეეხება აცილებას, ასევე, ყველასთვის ცხადია ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ აითვისა ეს პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკურ პროცესებს მართავს თბილისის გარეთ, რეგიონებში, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ბერკეტები აქვს, რომ ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე. დღეს ჩვენ ამიტომაც ვიმყოფებით ქუთაისში.“


უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური იყო:


„თუმცა, მერაბიშვილმაც და ადვოკატებმაც დიდი იმედი არ გამოთქვეს, რომ სასამართლო მათ ლოგიკურ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და გასაგებია, შეგუებულები ვიყავით ყველა, რომ ამას არ გადაწყვეტდა. გასაგებია, ეს ყველაფერი რას ემსახურება, რა არის მიზანი. პროკურორები თბილისიდან არიან, ადვოკატები თბილისიდან არიან, ბრალდებულები თბილისიდან არიან, ფაქტობრივ გარემოებებს რომ მივყვეთ… არ დააკმაყოფილა სასამართლომ, უნდათ, რომ ქუთაისში იყოს, ამ პატარა დარბაზში, გარეთ იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, შიგნით ძალიან ცოტა ადამიანი შედიოდეს და ასე გაწელონ და რაღაცა, გააწიაწონ ეს საქმე. ახლა 1500 მოწმეს რომ ესენი ვერ დაკითხავენ უახლოეს ორ და სამ თვეში, გასაგებია.“ 


წინასასამართლო სხდომაზე ამ დროისთვის ბრალდების მხარის მტკიცებულებების ჩამონათვალს კითხულობენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *