დაპირისპირება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების გამო

შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს ინტერპარტიული უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ რთული უწოდა, ხოლო გულიკო ზუმბაძემ ხელების გადაგრეხვად შეაფასა, ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობდა. საბოლოოდ საკრებულოს დეპუტატები და გამგებლები შეთანხმდნენ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისების პროექტის ირგვლივ წარმოქმნილ პრობლემებს მომავალში განიხილავენ.

 

თბილისის რაიონების გამგებლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც 19 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით შემცირდა სხვა პროგრამების სასარგებლოდ, ამ პროექტის განხორციელების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გამგებლების განცხადებით, ყველაზე სერიოზული პრობლემები ვაკის და მთაწმინდის რაიონებს შეექმნათ, სადაც ამხანაგობებთან თანადაფინანსებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ვეღარ ხდება:

 

ვაკის გამგებელი ბაჩო დოლიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მის რაიონში უკვე აგვისტოს თვეში აღებული ვალდებულებების შესრულებაც ვერ ხერხდება. მან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაკეში 740 ათასი ლარის ღირებულების პროექტები უნდა დაეფინანსებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალაქის ბიუჯეტში ზემოხსენებული ცვლილებები განხორციელდა, გამგეობას 400 ათასი ლარი დააკლდა.

 

“მე უკვე მინუსში ვარ 400 ათასი ლარით… აქ საუბარია აგვისტოს თვეზე. საუბარი აღარ არის იმაზე, თუ რა იქნება სექტემბერში და ოქტომბერზე, აგვისტოზე მაქვს პრობლემა, რაღა დროს სექტემბერ–ოქტომბერია?” – ამბობს დოლიძე.

 

მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე 1 300 000 ლარის ღირებულების პროექტების დაფინანსება ჰქონდა დადგენილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, გამგეობას ამხანაგობებზე დასახარჯად მხოლოდ 36 ათასი ლარი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდაზე ეს პროექტი გაჩერდება.

 

“წელში გაწყდა ეს მართლაც წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც თბილისის მოსახლეობა მართლაც აქტიურად თანამშრომლობდა გამგეობებთან, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდებოდა. თბილისში რამდენიმე გამგეობას აქვს რაღაც თანხა, რომელიც დააფინანსებს არასაკმარის პროექტებს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ესეც არ გვაქვს”, – აღნიშნავს მელია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

დღეს, 10 სექტემბერს საკრებულოში გამგებლებსა და დეპუტატებს შორის გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, თუმცა საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ მან პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ გამგებლების განცხადებები თითქოსდა საკარებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს პროექტების დაფინანსებაზე უარი ფინანსური დეფიციტის გამო თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები 19 აგვისტოს მერიის მიერ შემოთავაზებული პროქტის მიხედვით დამტკიცდა. შესაბამისად, როგორც შიხიაშვილი განმარტავს, რაიონის გამგებლები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინასების საკითხს პოლიტიკური მანიპულაციის საკითხად იყენებენ.

შიხიაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ დღეს დედაქალაქის რაიონების გამგებლებმა წარმოადგინეს 19 აგვისტოს შიხიაშვილის მიერ თბილისის მერისთვის მიწერილი წერილი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე მერს სთხოვს, რომ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საკრებულოს პროექტი წარუდგინოს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ამხანაგობების განვითარების პროექტი 10 მილიონი ლარით შემცირდება, სამაგიეროდ ბიუჯეტს ემატება 5 მილიონი ლარი ახალი პროექტის, უსაფრთხო ქალაქის ამუშავებისთვის, რომელიც თბილისის მასშტაბით ვიდეოკამერების დამონტაჟებას გულისხმობს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი, რომელიც ინტერპარტიულ უმრავლესობას წარმოადგენს, ამბობს, რომ ვერ ხვდება საიდან წარმოიშვა ამხანაგობების განვითარების პროექტთან დაკავშირებით ის პრობლემები, რომლის შესახებაც გამგებლები საუბრობენ. მისი თქმით, მანამ, სანამ ბიუჯეტში ზემოხსენებული ცვლილებები მოხდებოდა, საკრებულომ ეს საკითხი თბილისის მერიის სამსახურებთან და გიგი უგულავას მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილთან დეტალურად განიხილა.

“[გამგეობები] არანაირად არ უნდა დამდგარიყვნენ ამ პრობლემის წინაშე, რასაც ისინი ახლა ხატავენ. ის 10 მილიონი, რომელიც მათ კი არ ჩამოეჭრათ, არამედ გადავიდა გაცილებით უფრო კარგი საქმის საკეთებლად: ავარიული კორპუსები, საბავშვო ბაღები, ის ფული არსად წასულა, ისევ მათ უნდა დახარჯონ კეთილი საქმისთვის და იმისთვის, რომ ადამიანს სახლი არ ჩემოენგრას თავზე, რაც ისედაც მისახედი იყო. საბავშვო ბაღებში უნდა მოწესრიგდეს გათბობა. აბსოლუტურად ყველაფერზე ჩვენ კონსულტაციები გავლილი გვქონდა მერის მოადგილესთან, პაპუნა პეტრიაშვილთან. რამდენიმე დღის და ღამის განმავლობაში. ერთად ვიჯექით და გავდიოდით ყველა ლარს, თუ სად უნდა წასულიყო. მერე თუ იქ ვერ გადაანაწილა სწორად მერიამ, ეს უკვე მათი პრობლემაა და თვითონ არკვიონ”, – ამბობს მუსხელიშვილი.

გამგებლები კი აცხადებენ, რომ სანამ საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანდა, დეპუტატებს კონსულტაციები მათთანაც უნდა გაევლოთ.


“საკრებულომ უნდა იფიქროს გამოსავალზე. გადაწყვეტილებას ისინი იღებენ და, შესაბამისად, მათ უნდა იფიქრონ. სულ ტყუილად იშვერენ ხელს მერიისკენ, მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ 10 მილიონის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ამხანაგობების პროექტიდან. რატომ არა სხვა პროექტებიდან? ჩემთვის რომ ეს თავიდანვე ეთქვათ, მე დავაბალანსებდი: 200 ათასს სოციალურიდან მოვაჭრიდი, 300 ათასს ინფრასტრუქტურიდან და ასე შემდეგ. მაგრამ არა… მოთხოვნა იყო, რომ ამხანაგობების პროექტიდან უნდა მოიჭრას თანხა და მისი აკუმულირება მოხდეს იმ პროექტზე, როგორიც არის ოლიმპიური სოფელი და უსაფრთხო ქალაქის პროგრამა, რაც ითვალისწინებს ქალაქში კამერების დაყენებას”, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ინტერპარტიული უმრავლესობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის პროექტიც თვითმმართველ უწყებაში მერიამ შეიტანა, მხარი ნაცმოძრაობის წევრმა დეპუტატებმაც დაუჭირეს, შესაბამისად, მათი თქმით, ადგილი აქვს პოლიტიკურ მანიპულაციას ოპოზიციის მხრიდან. საკრებულოს ნაცმოძრაობის წევრმა, ნიკა ბაჩილავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ უმცირესობა ამხანაგობების ხელშეწყობის პროექტისთვის ბიუჯეტის შემცირებას მხარს არ უჭერდა, თუმცა ბიუჯეტს კენჭი კანონით საერთო პროექტის სახით ეყრება, ამიტომ ისინი იძულებული იყვნენ, რომ მხარი დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში უმრავლესობა მთლიანად ბიუჯეტს ჩააგდებდა.


“ეს იყო ცალსახა საბოტაჟი უმრავლესობის მხრიდან”, – ამბობს იგი.

კიდევ ერთი საკითხი, რამაც საკრებულოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია, ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების შეჩერებაა. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ 26 აგვისტოს მიიღო. გამგებლებმა დღეს შიხიაშვილის ის განცხადებები გაიხსენეს, სადაც მან ამხანაგობების თავმჯდომარეების ნაწილის ნაცმოძრაობის აქტივისტებთან ასოცირება სცადა. ნიკა მელიას თქმით, მთაწმინდაზე გამგებლების წახალისების მიზნით  არც ერთი ლარი არ გაცემულა და ამის გადამოწმება ყველას შეუძლია. იგივეს ამტკიცებს ბაჩო დოლიძეც. მათი ზემოხსენებული განცხადებების გამო უკმაყოფილება გამოხატა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, მაკა გვარამიამ, რომელმაც გამგებლებს მოუწოდა, რომ ნუ შეეცდებიან საკუთარი თავის ანგელოზებად წარმოჩენას. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პირადად მის საცხოვრებელ კორპუსში აქვს ადგილი ისეთ ფაქტს, რასაც გამგებლები უარყოფენ და რასაც ამხანაგობის თავმჯდომარის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება ჰქვია:


“შემიძლია სახელი და გვარიც დაგისახელოთ: ქალბატონი მედეა ქებაძე, რომელიც არის ნაცმოძრაობის წევრი და აქტიური კოორდინატორი. იგი არის ჩემი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე: საბურთალოს რაიონში კუტუზოვის 1 ნომერში”, – აცხადებს მაკა გვარამია.


თბილისში სულ დაახლოებით 8000–მდე ამხანაგობის თავმჯდომარე მუშაობს. თითოეულ მათგანს წახალისების მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან თვეში 100 ლარი ერიცხებოდა.

 

“ადამიანს, რომელიც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დარბის სართულ–სართულ, აგროვებს თანხას, პოულობს კომპანიას, მიდის სამხარაულში, მოდის გამგეობაში, 100 ლარს ვამადლით? ახლა ვიგებთ, რომ თურმე ესენი იყვნენ რაღაც კონკრეტული პარტიის აქტივისტები, შეეკითხეთ ერთი ამ ხალხს, რას ფიქრობენ ასეთ განცხადებებზე”, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

საკრებულოს წევრები თითოეული გამგეობის თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, უკვე ხვალიდან მოუსმენენ ინდივიდუალურ რეჟიმში. უმრავლესობა კვლავ რჩება თავის პოზიციაზე, რომ ამხანაგობების განვითარების ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით შემცირება გამართლებული ნაბიჯი იყო. მათი თქმით, გამოთავისუფლებული ფული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოწესრიგებაზე, ასევე ავარიული კორპუსების მშენებლობაზე დაიხარჯება.

“ჯერჯეობით საუბარი ხელის გადაგრეხვის ფორმატში მიდის. ამ ეტაპზე ბიუჯეტში არ შეიძლება, რომ ახალი ცვლილებები განხორციელდეს, ვინაიდან საარჩევნო პერიოდია. ამხანაგობის პროექტები არ უნდა შეჩერდეს, მაგრამ რაც შეეხება წახალისებას და ხელფასებს, აქ ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ ნამდვილად ხდებოდა და ახლაც ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა ამ პოზიციას. ამ ნაწილში ვერ გადავხედავთ ამ საკითხს. დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ უფრო პოლიტიკურ ჭრილში იხილება ყველაფერი. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც თბილისელებს აინტერესებთ”, – ამბობს ინტერპარტიული უმრავლესობის წევრი გულიკო ზუმბაძე.