აღნიშნული განცხადების თანახმად, 11 სექტემბერს გაიმართება სასამართლო, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ხელისუფლებისა, ზეწოლა მოახდინონ პირადად ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების დევნის გზით. ლევან თუმანიშვილი, რომელიც 68 წლის არის და ასაკის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ერთხელ უკვე იყო ამავე აბსურდულ საქმეზე ბრალდებული და დღეს გირაოთი არის გათავისუფლებული.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა, ვინაიდან ეს ბრძოლა მათთვის უშედეგოდ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ სამართალი მაინც იზეიმებს”, – ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.
პროკურატურაში უარყოფენ ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. პროკურორი გივი პაპუაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ლევან თუმანიშვილის წინააღმდეგ საქმე გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს:
“არ დაგვიკავებია და არც ვაპირებთ მაგის დაკავებას, მას უბრალოდ დაუზუსტდა ბრალი, რადგან იმ საქმეზე გრძელდება გამოძიება”, – აცხადებს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ლევან თუმანიშვილს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გამოყენებას გულისხმობს.
მერაბიშვილის ბიძა გასული წლის დეკემბერში დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/ გამოყენების საქმის გამოძიების შედეგად.
საგამოძიებო სამსახურმა მაშინ გაავრცელა ცნობა, რომ თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი საწარმოს, შპს “ტაოს” თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც მოპოვებული ხე-მასალა მიჰქონდათ მის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში, თუმცა, მოგვიანებით ხე–ტყის უკანონო ჭრის ბრალდება თუმანიშვილისთვის აღარ წაუყენებიათ.
