ახალი ამბებისაზოგადოება

უფასო უმაღლესი განათლება – რუსეთის რბილი ძალა საქართველოში?!

6 თებერვალი, 2018 • 7248
უფასო უმაღლესი განათლება – რუსეთის რბილი ძალა საქართველოში?!

რუსეთის მთავრობას 110 ახალგაზრდისთვის საქართველოდან უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა აქვს განზრახული. იყენებს თუ არა განათლების სისტემას რუსეთი პროპაგანდისთვის და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა საგანმანათლებლო პროგრამებმა ქვეყნისთვის, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული?

დღეს, 6 თებერვალს, “სპუტნიკ – საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ პრესკონფერნცია ჩაატარა და იმ პირობების შესახებ ისაუბრა, რაც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის უნდა დააკმაყოფილონ საქართველოს მოქალაქეებმა.

სვენტიცკის თქმით, უფასო უმაღლესი განათლების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 წელზე მეტია არსებობს, წელს კი 110 ადგილია გამოყოფილი იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც რუსეთში უნდა სწავლა.

რუსეთის სამთავრობო პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 500 უმაღლესი სასწავლებელი 85 ქალაქში. განსაკუთრებით მარტივია ის პროცედურები, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ რუსეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა შეძლოს. ისინი არ ითხოვენ გამოცდას, მათ შორის არც ენის გამოცდას. თუ მოსწავლემ საშუალო განათლება ქართულ ენაზე მიიღო, რუსული ენის ცოდნის დასადასტურებლად მხოლოდ რუსულის ენის პედაგოგის რეკომენდაცია სჭირდება.

პროგრამის ფარგლებში არ არსებობს არც პრიორიტეტები, თუ რომელი დარგის სპეციალისტებისთვის უნდა სწავლების უზრუნველყოფა ქვეყანას: ფილოსოფოსისთვის, მსახიობისთვის თუ ექიმისთვის.

სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს სწავლის ხარჯებს. ნიკოლაი სვენტიცკის განცხადებით, ასევე უფასო იქნება ვიზა შერჩეული კანდიდატებისთვის. სტუდენტებს მოუწევთ გადაიხადონ საერთო საცხოვრებლის ფული, რაც წელიწადში 5 000 რუბლია, (87 აშშ დოლარი). სტუდენტებმა თავისივე სახსრებით უნდა დაფარონ თვითმფრინავის ბილეთისთვის საჭირო თანხაც.

[red_box]რატომ აფინანსებს რუსეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს განათლებას?[/red_box]

რუსეთის ფედერაცია ყოველწლიურად 15 000 სასწავლო გრანტს გასცემს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ოფიციალური  ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია იმ ქვეყნების სია, ვისთვისაც აღნიშნული გრანტებია გათვალისწინებული. ამ სიაში ცალკე სახელმწიფოებადაა მოხსენიებული საქართვლოს ორი ოკუპირებული რეგიონი- აფხაზეთი და ცხინვალი. ნიკოლაი სვენტიცკის ვკითხეთ, რა მიზნით აფინანსებს რუსეთი ამდენ სტუდენტს არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრციდან, ასევე მის მიღმა ქვეყნებიდან, რაზეც გვიპასუხა:

“ რატომ ხარჯავს რუსეთი ამ ფულს? ამას ყველა დიდი სახელმწიფო აკეთებს. რატომ ხარჯავს ფულს [სასწავლო პროგრამებში] საფრანგეთი, ჩეხეთი? რუსეთი უსიტყვოდ არის ერთ-ერთი დიდი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია თავს უფლება მისცეს, სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან მოიწვიოს. ეს ქვეყნის იმიჯია, ენის და კულტურის პროპაგანდაა. ის ადამიანები, რომლებიც ისწავლიან რუსეთში, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულები მოჰყვებიან, როგორი ქვეყანაა რუსეთი”,- ამბობს ნიკოლაი სვენტიცკი.

ის, რომ უფასო უმაღლეს განათლებას რუსეთი რბილი ძალის ერთ-ერთ კომპონენტად იყენებს, არაერთი კვლევის თუ ანალიზის საფუძველი გამხდარა. ნარკვევში “რუსეთის რბილი ძალის სტრატეგიის გაგება” ავტორები წერენ, რომ რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად ავითარებდა იმ პოტენციალს, რამაც ის რუსეთის “რბილ ძალად” ჩამოაყალიბა. ეტაპობრივი განვითარების ნაწილია უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის კვოტების ზრდა რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტებში. კვლევის თანახმად, თითოეული ქვეყნისთვის 70 -100 ადგილი აქვს გამოყოფილი ქვეყანას. კვლევაში მოყვანილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ციტატა, რომელიც ამბობს:

“ჩვენ რამდენჯერმე უნდა გავზარდოთ ჩვენი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლის მოსახლეობის ნაწილიც საუბრობს და ესმის რუსული ენა”,- განაცხადა პუტინმა 2012 წელს.

კიდევ ერთი კვლევა “რუსეთის რბილი ძალის ელემენტები: არხები, ინსტრუმენტები და აქტორები, რაც რუსეთის გავლენას აძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ამბობს, რომ რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები პოპულარულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. კვლევის თანახმად, 2014 წლის მონაცემებით, ბელარუსმა და მოლდოვამ 25 000 სტუდენტი გაგზავნეს რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. მონაცემები შედარებით ნაკლებია უკრაინისთვის – ევრომაიდნის და ყირიმის ანექსიის შემდეგ 13 000-მა უკრაინელმა სტუდენტმა აირჩია რუსეთი უმაღლესი განათლების მისაღებად.

“გარდა ამისა, რუსეთი საკუთარი უნივერსიტეტების წარმომადგენლობებს ხსნის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რასაც პრორუსული მედიის გავლენაც ემატება  და ამგვარად უწყობს ხელს რუსეთი მისი მხარდამჭერი აზროვნების ჩამოყალიბებას ახალგაზრდა მოქალაქეებში”, – ნათქვამია კვლევაში.

[red_box]რა გავლენა ექნება რუსეთის სამთავრობო პროგრამას საქართველოზე?[/red_box]

ნიკოლაი სვენტიცკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 წელიწადზე მეტია არსებობს უფასო გაცვლითი პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის. მას ზუსტი რიცხვები არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ ყოველწლიურად 100 აბიტურიენტი საქართველოდან რუსეთში მიდის უმაღლესი განათლების მისაღებად. მისივე ინფორმაციით, შარშან ამ პროგრამაზე 500 განაცხადი დარეგისტრირდა, საბოლოოდ 110 აპლიკანტი შეირჩა, მაგრამ ხუთმა აპლიკანტმა უარი თქვა რუსეთში სასწავლებლად წასვლაზე, “რადგან მაინცდამაინც მოსკოვის და პეტერბურგის უნივერსიტეტებში სურდათ სწავლა”.

ის ადამიანები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას საქარველოს მოქალაქეებს ვერ აუკრძალავენ, მაგრამ შესაძლებელია მათთვის იმის ჩვენება, რომ გადაწყვეტილების მიღმა რუსეთის პოლიტიკური ინტერესია. მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის “კრემლის გავლენის ინდექსი”  ერთ-ერთი ავტორი სოფო გელავა ამბობს, რომ რუსეთის რბილი ძალის ფორმაა “კეთილი ნაბიჯების” გადადგმა, მაგალითად, უფასო ენის კურსები და ჰუმანიტარული დახმარება საოკუპაციო ხაზის სოფლებში, სადაც რუსული ფულით ნაყიდ წიწიბურას და ზეთს ურიგებენ მოსახლეობას:

“ვითომ კეთილი ნაბიჯებით და მიზნებით, სხვადასხვა განზომილებიდან რუსეთი ავრცელებს საკუთარ იდეოლოგიას, რაც რეალურად საფრთხეა, რადგან სტუდენტი, რომელიც განათლებას მიიღებს იქ, განწყობა ექნება, რომ ჩვენ გვჭირდება დიალოგი და ხიდი. პრორუსული ორგანიზაციების მესიჯებიც ზუსტად ეფუძნება იმ აზრს, რომ საქართველოს და რუსეთ შორის მეგობრობის ხიდი უნდა აღდგეს, იქმნება ექსპერტების ჯგუფები და შეხვედრები, აკადემიური წრეების შეხვედრები და სხვა”.- ამბობს გელავა.

IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე ამბობს, რომ საგანმანათლებლო პროგრამები რუსეთმა  დასავლური საგანმანათლებლო პროგრამების საპირწონედ (ფულბრაიტი, ჩივნინგი, ერასმუსი) დააფუძნა. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ მარტივ პროცედურებზე, რაც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებადაა საჭირო:

“როდესაც რუსეთს ეკონომიკური და რბილი ძალის მოზიდვა სურს, ყოველთვის ყველაფერი მარტივია, იგივე, მაგალითად, პროდუქციის გატანისას რაიმე სანიტარული ნორმები თუ არსებობს, უგულებელყოფილია, მაგრამ როდესაც აღარ სჭირდებათ, შესაძლებელია მომენტალურად შეწყდეს ვაჭრობა. მსგავსი პრობლემა შეიძლება შეექმნას ამ პროგრამასაც, ერთ წელს შეიძლება წაიყვანოს, შემდეგ დაფინანსება შეუწყვიტოს სტუდენტებს. ასეთი რისკებიც არსებობს, რადგან არასტაბილურია ის გადაწყვეტილებები, რომელსაც რუსეთი იღებს ჩვენი რეგიონის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილების უკან არის პოლიტიკური დღის წესრიგი. თუ პოლიტიკურ მეცნიერებებზე იქნება აქცენტი გაკეთებული, რისკი იმისა, რომ პოლიტიკური ინდოქტრინაცია იქნება, მეტია, ვიდრე, მაგალითად, ტექნიკურ საგნებზე”, – ამბობს მკვლევარი

მასალების გადაბეჭდვის წესი