ომბუდსმენი: ჩაბუქის ექსტრადიცია ეროვნულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

2018 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთის მოქალაქის, ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი ეწინააღმდეგება.

დღეს, 5 თებერვალს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საეთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ჩაბუქის ექსტრადიცია შეიცავს შემდეგ სამართლებრივ რისკებს:

საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანი ხასიათისაა და არაგანჭვრეტად ნორმას ეფუძნება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წაერთვათ.

ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დიდი ალბათობა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატთან კონფიდენციალური წვდომის უფლება და ასევე, ვერ სარგებლობენ სხვა მნიშვნელოვანი გარანტიებით.

თურქეთის ციხეებში შემაშფოთებლად მაღალია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. წამების სისტემური შემთხვევების მიუხედავად, მათი გამოძიება არ ხდება, ხოლო მსხვერპლები ხშირად უკვალოდ უჩინარდებიან.

საქართველოს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში წერს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეში თურქეთის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დიპლომატიური გარანტიები არ უნდა იქნას გაზიარებული. ისინი არ პასუხობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სამართლებრივ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ანალოგიური ბრალდებით ძებნილი პირების გადაცემაზე ერთხმად ამბობენ უარს, ხოლო ამავე სახელმწიფოთა სასამართლოები არასანდოდ მიიჩნევენ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დიპლომატიურ გარანტიებს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

“სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის, “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების იმპერატიულ დანაწესებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას” – ნათქვამია განცხადებაში.

26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლეების – შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.