თვითრეგულირების საბჭომ რატიანზე საზმაუს დარღვევა არ დაუდგინა, თუმცა ვიდეოს წაშლა დაავალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის სადავო ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები. მიუხედავად ამისა, საბჭომ პირველ არხს დაავალა, რომ ყველა პლატფორმიდან წაშალოს ეს ვიდეო და სამომავლოდაც არსად გამოიყენოს.

“რეალურად, თვითრეგულირების საბჭომ დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი პლატფორმებიდან აეღო ეს ვიდეო და ასევე მომავალშიც აღარ გაევრცელებინა, რაც ძალიან ალოგიკურია – თუ არანაირი დარღვევის შემცველი არ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, მაშინ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ წაეშალათ ყველა პლატფორმიდან და აღარ გამოეყენებინათ შემდგომში,” – განუცხადა ნეტგაზეთს იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა, რომელიც ზვიად რატიანის ინტერესებს იცავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოში შეტანილ საჩივარში ზვიად რატიანის იურისტს 3 მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული: 1. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეღიარებინა შსს-ს ვიდეოს გავრცელებით ეთიკური ნორმების დარღვევა, კერძოდ – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, სიძულველის გაღვივება და სიზუსტე, 2. საზოგადოებრივ მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან უნდა აეღოთ სადავო ჩანაწერი, 3. აღარ გამოეყენებინათ სამომავლოდ ეს ჩანაწერები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება 2 თებერვალს გამოიტანა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შსს-ს ვიდეო კვლავ ხელმისაწვდომია.

[red_box]ზვიად რატიანის საქმე – ყველა სიახლე[/red_box]

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს წევრი, თიკო ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 7 დღის განმავლობაში. შესაბამისად, თუ  ამ პერიოდში თვითრეგულირების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აღასრულოს საკუთარი თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება და წაშალოს შსს-ს ვიდეო ყველა პლატფორმიდან.


პოლიციელების მიერ ნაცემი ზვიად რატიანი გათავისუფლების შემდეგ. ფოტო: ნინო ბექიშვილი