მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში არ აკონკრეტებს ამ კონცეფციის შინაარს და არც იმას აცხადებს, არიან თუ არა ჩართული სამუშაო პროცესში რელიგიური ჯგუფები.

“მოდით, ჯერ კონცეფციაზე ჩამოვყალიბდეთ და მერე ვილაპარაკოთ.  ჩემი სამინისტრო მუშაობს კონცეფციაზე. არის საკითხები, რაც ჯობია ჯერ არ ითქვას. მოგვეცით საშუალება ვიმუშაოთ.

 

…მე ვთხოვე არა მარტო მუსლიმურ, არამედ ყველა რელიგიურ გაერთიანებებს, რომ არჩევნებამდე თავი შეეკავებინათ გარკვეულ მოქმედებებისაგან, იმიტომ, რომ მუშავდებოდა საკანონმდებლო ბაზა. ხედავთ, რაც ხდება დღეს სააკაშვილთან მიმართებაში და როგორც კი გაერთიანდებოდა ხელისუფლება, მერე უკვე ამ მიმართულებით ვიმუშავებდით. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის, რაც მოხდა სოფელ ჭელაში, როცა ყველასთვის მოულოდნელად კანონის გვერდის ავლით მოხდა იქ რაღაც გარკვეული ღონისძიებები, ისევე როგორც გულდასაწყვეტია, რომ კანონის და სახელმწიფოს ზემოქმედება იყო საკმაოდ მკაცრი და ჯობდა, რომ ყოფილიყო უფრო გაწონასწორებული”, – ამბობს იგი.

ზაქარეიშვილის თქმით, კონცეფციას ჯერ კანონპროექტის სახე არ გააჩნია.

სწორედ რელიგიური დანიშნულების მქონე არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობის საკანონდმებლო ბაზის მოწესრიგების საკითხზე იყო საუბარი საპატრიარქოსა და სამუფტოს შორის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების საკითხზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ვკითხულობთ:

“ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყონ მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიადაგზე შფოთი და დაპირისპირება”.

 

ამ საკითხის მოწესრიგების სურვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემაც გამოთქვა:

 

“საკანონმდებლო გარემოს უზრუნველყოფა, ეს არის ის, რომ ნებისმიერი სახის მსგავსი საკულტო ნაგებობები, რომელიც ეხება ისლამს, საერთოდ საკულტო ნაგებობებს აქვს თავისი წესი, პრინციპი აგების. საკანონმდებლო სიტუაცია არ გულისხმობს იმას, რომ დაამახინჯო ეს წესი. შესაბამისად, ტერმინოლოგიით, იურიდიული ენით უნდა დადასტურდეს, რომ ხდება მეჩეთის აშენება და არა სახლის, რომელიც შემდგომში ხდება მეჩეთი. ეს გარკვეულწილად ქმნის გაუგებრობას. ადამიანს კერძო სახელზე გამოაქვს პროექტი, რომ ააშენოს შენობა–ნაგებობა და შემდეგ შენდება მეჩეთი. ეს იწვევს გაუგებრობას. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ამას უნდა დაერქვას სახელი, რომ თუ აშენებს მეჩეთს, ერქვას მეჩეთი”, – განაცხადა ნაკაიძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *