პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ორგანოს არ უნდა გადაეცეს – ავალიშვილი

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქცებსაც შეითავსებს, რასაც IDFI-ის წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი არალოგიკურ ნაბიჯად აფასებს.

ავალიშვილის არგუმენტია, რომ არ არის ლოგიკური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციების გადაცემა იმ უწყებისთვის, რომელმაც ძალოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები უნდა გამოიძიოს.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი არა მარტო იცავს პერსონალურ მონაცემებს, არამედ ადგენს ბალანსს საჯარო ინტერესსა და პერსონალურ მონაცემებს შორის და არცერთი თავისი შინაარსით ძალოვანი უწყება ვერ იქნება ამ ბალანსის დაცვის გარანტორი,”- გვეუბნება ლევან ავალიშვილი.

მისივე განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის არგუმენტით ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, ასეა თუ ისეა, შეიქმნა, ცნობადობა აქვს, აქვს ნდობა გარკვეულწილად და ძალიან ბევრი რესურსი დაიხარჯა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების, რომ ამ ორგანიზაციას რაღაცისთვის მიეღწია, ჩამოყალიბებულიყო, როგორც ცნობად ინსტიტუტად და ასე ერთი ხელის მოსმით, აბსოლუტურად სხვა ინსტიტუციაზე ამ უფლებამოსილების გადაცემა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ერთადერთი არგუმენტი არის, საბიუჯეტო სახსრების განკარგვის რაციონალურობა, მაგრამ, ხომ არ შეიძლება, აბსოლუტურად სხვადასხვა შინაარსის ორი ორგანიზაციის გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ მაგ არგუმენტით,”- განაცხადა მან.

გარდა ამისა, ლევან ავალიშვილი გვეუბნება, რომ მათთვის “სრულიად მოულოდნელი” იყო კანონპროექტის ამ სახით წარმოდგენა, რადგან, ჩართულობა და კონსულტაციები, თუ რის გაკეთებას გეგმავდა სამინისტრო, არასამთავრობო სექტორთან არ გამართულა.

“არ შეიძლება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ასე უცაბედად იყოს გამოტანილი განხილივაზე. რა თქმა უნდა, დრო მოგვეწოდა, მაგრამ აქ საკითხი არ არის კონკრეტული მუხლის ფორმულირების შესწორებაზე, აქ კონცეპტუალური პრობლემაა, ზოგადად ეს სწორია თუ არა. არ მგონია, წარმოდგენილი დაწერილი პროექტი შეცვალონ იმ კუთხით, რა პრობლემასაც ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ახალ ინსტიტუციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია. ეს პროცესი როგორც წარმართეს, არ არის ნორმალური და იმ სტანდარტების შესაფერისი, როელიც პარტნიორობა ღია მმართველობისთვის თავმჯდომარე ქვეყანას უნდა ჰქონდეს,”- გვეუბნება ავალიშვილი.

მისივე თქმით, თუკი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები ფუნქციები უნდა გადაეცეს არა საგამოძიებო ორგანოს, არამედ სახალხო დამცველს, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვა – ადამიანის უფლებაა.


31 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოუდგინა კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაერქმევა. ახალი ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლე იქნება, შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდება. 

 კანონპროექტი ჯერ პარლამენტში ინიცირებული არ არის. დოკუმენტთან დაკავშირებით არასამთავობო ორგანიზაციებმა თავიანთი პოზიციები ორ კვირაში უნდა წარადგინონ.

კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემდეგი უფლება-მოვალეობები იქნება:

უკვე რამდენიმე წელია, არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვს.  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი ასევე ეხება ამ მექანიზმის ჩამოყალიბებას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანონპროექტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.