ზოგიერთ ნარკოდანაშაულზე პრეზიდენტი შეწყალების წესს ამარტივებს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებში მსჯავრდებულების შეწყალების წესში ცვლილებები შედის და უფრო ჰუმანური ხდება – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს, 1 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმის გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულების თხოვნა, ვინც ნარკოდანაშაული ჩაიდინა, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების გასაღებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და ტრანზიტისა.

ასევე შეწყალების კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირების თხოვნა, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით ან ძალადობის მუქარით.