გიორგი მამალაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში 7 თებერვალს გაგრძელდება

დღეს, 31 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ციანიდის საქმეზე” დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სიტყვით გამოსვლას გეგმავდა თავად გიორგი მამალაძეც, თუმცა დღევანდელ სადომაზე ეს ვერ მოესწრო.

მომდევნო სხდომა 7 თებერვალს, 13:30-ზე დაინიშნა.

სააპელაციო საქმეზე დღევანდელი სხდომა, ისევე როგორც სხვა სხდომები, დახურული იყო. შესაბამისად, პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ინფორმაციას ადვოკატები და პროკურორი აწვდიან. ასევე, ადვოკატებს ხელი აქვთ მოწერილი საქმის მასალების გაუთქმელობაზე, რის გამოც “ციანიდის საქმის” დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ადვოკატების დასკვნით სიტყვაში დეტალურად იყო მოყვანილი ის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს, რომ  საქმეში გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.

“ეს იყო გარკვეული პირების მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული ბინძური, ყველანაირი მორალისგან გასული თითქოსდა  ვითომ დანაშაულის აღმოფხვრა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. დღემდე ვერ გაარკვიეს, ვერ დაადგინეს და არც არსებობს ციანიდის გამსაღებელი და იმისგან ვითომ მამა გიორგის შეუძენია. ეს არის ყველაფერი ჩადებული სამართალდამცავების მიერ, სუსი იყო, პროკურატურა თუ აეროპორტის ძალოვანი სტრუქტურები, თვითონ გაარკვიონ,”- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი ამბობს, რომ დაცვის მხარეს დასკვნით ეტაპზე სიახლე და არგუმენტირებული პოზიცია არ წარმოუდგენია:

“ისინი ისევ იმ პოზიციაზე იყვნენ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო, საერთოდ არ გაიზაირა. ჩვენ დასკვნით სიტყვაში აღნიშნულ არგუმენტებზე სრულად გვაქვს პასუხი გაცემული. გვაქვს მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს გიორგი მამალაძს მიმართ,”- განაცხადა პროკურორმა.