როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე.
“საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხისა და ადიგენის მართლმადიდებელი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები, გზის გადაკეტვით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის წაღების ხელშეშლას გეგმავენ. ამავე ინფორმაციით, საპროტესტო აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული, ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. რელიგიის თავისუფლება იცავს ინდივიდის უფლებას, იცხოვროს, იმოქმედოს და თავისი საქმიანობა წარმართოს რელიგიის წეს-ჩვეულებათა და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად. რელიგიის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, როგორც მარტომ, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ ან კერძოდ, გააცხადოს თავისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რელიგიის თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება და ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის, ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის. ამასთან, სახელმწიფომ ამ უფლების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორის აქტებით დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის, როგორც რელიგიის, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ განსხვავებით სოფელ ნიგვზიანსა და სამთაწყაროში განვითარებული მოვლენებისა, ახალციხეში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები კანონის განუხრელი დაცვით შეასრულებენ მათ მოვალეობას და დაიცავენ ყველა პირის მიერ მათი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას.
ამასთან, სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციაში ჩართვას და მოუწოდებს მათ, დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომელიც საჯარო სამსახურის საერო ხასიათში გამოიხატება (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 13(ზ)).
სახალხო დამცველი ასევე იმედოვნებს, რომ აქციის მონაწილეები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას იმოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და არ დაარღვევენ სხვათა უფლებებსა და თავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
