დეკანოზის საქმე: დღეს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს სიტყვით მიმართავს

დღეს, 31 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სხდომა გაიმართება, სადაც დაცვის მხარე სასამართლოს სიტყვით მიმართავს.

სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ წინა სასამართლო პროცესებზე პროკურატურამ დაასრულა თავისი პოზიციის წარდგენა, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ დაუმძიმდეს ბრალი დეკანოზს და ანგარებით მკვლელობის მცდელობის მუხლის მიხედვით, 16–20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.

დღევანდელ სხდომაზე კი დაცვის მხარე შეეცდება დაასაბუთოს ის, თუ რატომაა დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულო. ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზს არავის მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, არც ანგარებით და არც ანგარების გარეშე.

დეკანოზი, რომელიც არ დადიოდა პროტესტის ნიშნად წინა სასამართლო პროცესებზე, დიდი ალბათობით დაესწრება სასამართლო სხდომას და სიტყვითაც მიმართავს სასამართლოს.

მოსამართელთა კოლეგიამ, რომელსაც ნათია ბარბაქაძე ხელმძღვანელობს, შესაძლოა დღეს გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუმცა ადვოკატი ფიქრობს, რომ მოსამართლე დღეს არ გამოაცხადებს განაჩენს.

“ნაკლებად მოსალოდნელია იმიტომ, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე დროს მოითხოვს განაჩენის გამოცხადებისთვის”, – ამბობს გიორგი ფანცულაია.

ფანცულაია ამბობს, რომ დაცვის მხარეს ორი ახალი გარემოება აქვს წარდგენილი. ერთია სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც შეეხება საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებას, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ აღსრულდა სამართალი.

მეორე ახალი გარემოება არის თსუ–ის სამართალმცოდნეობის პროფესორის, ნონა თოდუას სამართლებრივ–სამეცნიერო დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გიორგი მამალაძის ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.