მწერლები, მთარგმნელები, მსახიობები, უფლებადამცველები – სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეები ღია წერილით მიმართავენ აშშ-ის მაუწყებელთა მმართველ საბჭოს რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურთან დაკავშირებით.
“ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების შესახებ. მოგმართავთ თქვენ, აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრებს, თხოვნით, თავიდან აგვაცილოთ ასეთი ცვლილებები, არ დაუშვათ ისეთი ქმედებები, რადიო თავისუფლების ზუსტად განსაზღვრულსა და ქართული საზოგადოებისთვის ჰაერივით საჭირო სარედაქციო პოლიტიკას რომ შეცვლის, ან თუნდაც ოდნავ დააკარგვინებს მიუკერძოებლობის იმ ხარისხს, რომელიც მას სრულიად გამოარჩევს ქართულ მედიასივრცეში და რომელსაც ეფუძნება მისი პრესტიჟი და მუშაობის გამორჩეული სტილი”, – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც 100 ხელმომწერი ჰყავს.
წერილის ავტორები გულისხმობენ 23 იანვარს გაჟონილ ინფორმაციას, რომელიც შეეხება რადიო თავისუფლების მენეჯმენტის ზეწოლას ქართული სამსახურის თანამშრომლებზე. ამ თემაზე რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტებაც გაავრცელა.
აქვე გთავაზობთ იმ წერილის სრულ ტექსტს, რომლითაც აშშ-ის მაუწყებელთა მმართველ საბჭოს მიმართავენ საქართველოდან.
საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სფეროებში მომუშავეების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების
ღია წერილი აშშ-ის მაუწყებელთა მმართველ საბჭოს
ასლები:
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს;
თეთრი სახლის გენერალური ინსპექტორის ოფისს
რადიო თავისუფლება ის იშვიათი მედიასაშუალებაა, რომელიც საზოგადოებას მუდამ აწვდის გაწონასწორებულსა და ობიექტურ ინფორმაციას, ცდილობს, საზოგადოებაში არსებული ყველა მწვავე პრობლემის გაშუქებას და გაანალიზებას, გამოირჩევა თავისუფალი აზრის გამოხატვისა და მაყურებელთან, მსმენელთან თუ მკითხველთან კომუნიკაციის მრავალფეროვნებით.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება იოლი არასოდეს ყოფილა და დღესაც პრობლემურია, დიდწილად გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა განიცდის ობიექტური, ანალიტიკური, მაღალპროფესიული ჟურნალისტიკის მწვავე დეფიციტს. ზედაპირული ემოციებით, წინასწარი განწყობილებებითა და მიზანმიმართული ტენდენციურობით გამსჭვალული მედია ხშირად საქართველოსა თუ მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რეალურად კი არ ასახავს, არამედ გვთავაზობს დამახინჯებულ, არასრულყოფილ სურათს, რაც პოსტსაბჭოთა ტრავმებით დაღდასმულ საზოგადოებას თვითგამორკვევას ურთულებს.
ჩვენთვის − ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, უფლებადამცველებისთვის, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის − რადიო თავისუფლების ენა არის ის ენა, რომელზეც, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ლაპარაკობდეს მედიასაშუალება, თუკი გვინდა, არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება სასიკეთოდ შეიცვალოს. ჩვენ გვესმის რადიო თავისუფლების ენის, ვუსმენთ მას და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ ენის ჩამოყალიბებაში.
რადიო თავისუფლება ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სივრცეა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის სრულიად დისტანცირებულია ყველა პოლიტიკური ძალისგან და პრინციპულად აშუქებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამასთანავე, ის გვთავაზობს უნიკალურ მრავალფეროვან ფორუმს ისეთი თემების ფართო სპექტრზე სიღრმისეულად სამსჯელოდ, როგორებიცაა მსოფლიოსა თუ საქართველოს ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროებში მიმდინარე დისკუსიები, ჩვენს ქვეყანაში არსებული უმწვავესი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. რადიო თავისუფლება არასოდეს ერიდება საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, სისტემატურად გვიამბობს უმცირესობათა პრობლემატიკაზე და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი სატკივარი. რადიო თავისუფლების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს, „გამოგონილი ამბების“ ეპოქაში, რასაც საქართველოს შემთხვევაში ემატება მიზანმიმართული და განსაკუთრებით ინტენსიური რუსული პროპაგანდა.
დარწმუნებული ვართ, რომ, თუკი ეს ხმა გაქრა ან ოდნავ მაინც გადაიხარა ტენდენციურობისკენ, ეს დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მისთვის ბევრი თემა გაუგებრობითა და ბუნდოვანებით არის მოცული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების შესახებ. მოგმართავთ თქვენ, აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრებს, თხოვნით, თავიდან აგვაცილოთ ასეთი ცვლილებები, არ დაუშვათ ისეთი ქმედებები, რადიო თავისუფლების ზუსტად განსაზღვრულსა და ქართული საზოგადოებისთვის ჰაერივით საჭირო სარედაქციო პოლიტიკას რომ შეცვლის ან თუნდაც ოდნავ დააკარგვინებს მიუკერძოებლობის იმ ხარისხს, რომელიც მას სრულიად გამოარჩევს ქართულ მედიასივრცეში და რომელსაც ეფუძნება მისი პრესტიჟი და მუშაობის გამორჩეული სტილი.
ქართულ საზოგადოებას სჭირდება რადიო თავისუფლება სწორედ ისეთი, როგორიც არის, უკვე არსებული აქცენტებისა და პრინციპების კიდევ უფრო მეტად გამახვილებითა და გამყარებით.
პატივისცემით,