ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ შეთანხმების რატიფიცირებას ვგმობთ

25 იანვარი, 2018 • 1628
საგარეო საქმეთა სამინისტო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ შეთანხმების რატიფიცირებას ვგმობთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას გმობს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  ე.წ შეთანხმების რატიფიცირება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ქმედებაა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთი სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

“საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის გზით, მოსკოვი უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს, აიღოს და შეასრულოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მიზანმიმართულად უშლის ხელს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას,”-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს, რაც რუსეთის სამხედრო შენაერთების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას გულისხმობდა.

“მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის შორს მიმავალი აგრესიული პოლიტიკა და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა წინ აღუდგეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებს,”-წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი